ეკა სეფაშვილი: „ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოსთვის სასარგებლო და პრაგმატულია, სწორედ ამიტომ არ მოსწონთ ეს ჯო უილსონსა და ევრობიუროკრატებს და გვიშლიან ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ, როდესაც თავად ამერიკა მიისწრაფვის ჩინეთთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარებისკენ“

45

„ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ძალიან კარგია, თუ საქართველო რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან დაამყარებს სტრატეგიულ და ინტენსიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. იქნება ეს ჩინეთი თუ სხვა რომელიმე ქვეყანა – ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნმა ეკა სეფაშვილმა.

„ხაზგასასმელია ერთი მომენტი, რასაც ჯო უილსონის განცხადებებიდან და, ასევე, ევრობიუროკრატების მხრიდან ვისმენთ. ხშირ შემთხვევაში, ხდება ისე, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მათთვის კარგია და საქართველოსთვის – ცუდი. ანუ, თუ საქართველოსთვის რაიმე მომგებიანი, ხელსაყრელი და სასურველია, ისინი ამას იწუნებენ. სწორედ ამ ჭრილში განიხილება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაც. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის კარგი, სასარგებლო და პრაგმატულია, და სწორედ ამიტომ არ მოსწონთ მათ და გვიშლიან ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ, როდესაც თავად ამერიკა მიისწრაფვის ჩინეთთან კარგი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარებისკენ.

რაც შეეხება იმ აქტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ჯო უილსონის მოთხოვნით მიიღო და რომელიც საქართველოში ჩინური გავლენების შესახებ კვლევის მომზადებას ეხება: ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ძალიან მძიმე კანონი მიიღეს. თუ ჩავუღრმავდებით, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას:

პირველი – რა თქმა უნდა, ჯო უილსონი ასრულებს დაკვეთას და ცდილობს, საქართველოს ზიანი მიაყენოს, მისი რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენოს და, ასევე, ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოში მიმდინარე პროცესების დადებითი შედეგები. სწორედ ამიტომ წამოჭრა მან ეს საკითხი და ამით ცდილობს საქართველოსა და ამერიკას შორის დაძაბულობის გამწვავებას. ეს ცალსახაა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

მეორე მხრივ, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ყველაფერს გამოიძიებს და დაადგენს, არსებობს თუ არა ჩინური ან ირანული გავლენები, ამაში ცუდი არაფერია. თუ ასეთი გავლენები არსებობს, პირიქით – მადლობა უნდა ვუთხრათ სახელმწიფო დეპარტამენტს გამოძიებისთვის, თუ ამის შესახებ საქმის კურსში ჩაგვაყენებენ და აღმოჩნდება, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას, რაც არც ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებშია და არც გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებში. რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ყველა სახელმწიფომ, რათა თავიდან აიცილოს ასეთი საფრთხეები. ხოლო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადგენს, რომ რაიმე საშიში გავლენა არ არსებობს, ესეც კარგია, რადგან ყოველგვარ ეჭვს გაფანტავს. მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ – ეს არის ამ თემისთვის სიცხადის მოფენის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.