„პირადად მე არ მახსენდება ეუთო/ოდირის მხრიდან ისეთი მკაცრი შეფასება, როგორიც ერევანში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გააკეთა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა სომხეთში ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„სამხრეთ კავკასიისთვის მულტიიმპერიალისტური ჰიბრიდული ომი გრძელდება. მოდუნების არანაირი უფლება არ გვაქვს. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ შეიძლება გვქონდეს. დღეს ამ ზეგავლენისა და მოქმედების მწვავე ფაზა სომხეთზე გადის. მანამდე ეს მწვავე ფაზა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადიოდა, ახლა კი სომხეთის რიგი დადგა.
ეს ბრიუსელის ბოლო შანსია, როგორც პოლიტიკური, ისე სადაზვერვო თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიაში ფეხი მოიკიდოს და ერევანში ჰქონდეს შტაბ-ბინა, საიდანაც რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენას, კონტროლს, მონიტორინგსა და დაკვირვებას შეძლებს.
ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ ევრობიუროკრატიამ ერთ-ერთი თავისი საყრდენი — ესტონეთის საელჩო — თბილისიდან ერევანში გადაიტანა. არ არის გამორიცხული, რომ სხვა საელჩოებმაც ერევანში გადაინაცვლონ, რადგან საქართველოში მათთვის მუშაობა სულ უფრო არაკომფორტული ხდება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის დაზვერვის ოფიცრების საქმიანობა გამოვავლინეთ და, ფაქტობრივად, დადასტურდა ჩვენს ქვეყანაში საფრანგეთის სპეცსამსახურების მოქმედების ფაქტი.
ეს იყო საკითხის ერთი მხარე. ახლა განვიხილოთ მეორე — რა გზას დაადგა თავად სომხეთი?
სომხეთს ჰქონდა მკაფიო და ნათელი არჩევანი: აერჩია უკრაინა-მოლდოვის გზა ან საქართველო-აზერბაიჯანის გზა. ჯერჯერობით მან უკრაინა-მოლდოვის გზა აირჩია. აირჩია განვითარების ის ეტაპი, რომელიც ნაწილობრივ საქართველომაც გაიარა, რომელზეც უარი ვთქვით და დღეს საქართველოში საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ბრძოლა იმ ძალებთან, რომლებსაც ევრობიუროკრატიას ვუწოდებთ, კვლავ გრძელდება.
სომხეთის გადასაწყვეტია, რა არჩევანს გააკეთებს და რა გზით წავა. თუმცა ბაქოსა და ოფიციალური თბილისის სახით მათ აქვთ მაგალითი და გამოცდილება, რომლის შედეგების შეფასებაც შეუძლიათ.
მე, მაგალითად, წლების წინ წავიკითხე ეუთო/ოდირის დასკვნები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების შესახებ. მაგრამ პირადად მე არ მახსენდება ეუთო/ოდირის მხრიდან ისეთი მკაცრი შეფასება, როგორიც ერევანში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გააკეთა“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


