„სომხეთს ძალიან რთული დღეები ელის“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
„დავიწყოთ იმით, რომ ერევნის შემოგარენში დღემდე ფუნქციონირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაბაზა. ერევნიდან დაახლოებით 120 კილომეტრში კი განლაგებულია რუსეთის მრავალათასიანი სახმელეთო სამხედრო კონტინგენტი.
რუსეთმა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო, უკვე გააკეთა. მათ შორის, სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. ამ პირობებში ბუნდოვანია და, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ამ მცირე სახელმწიფოს ყაზახური გაზით მომარაგებაზე გადაყვანა. საუბარია ქვეყანაზე, სადაც გაზის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით ერთი მილიონია, ხოლო ასეთი მასშტაბის პროექტი უახლოეს ათწლეულებშიც კი ძნელად განსახილველი იქნებოდა.
ასევე ჩაიკეტა ის ბაზარი, რომელიც სომხური პროდუქციის — ალკოჰოლური სასმელების, ხილ-ბოსტნეულის, ყვავილებისა და სხვა პროდუქციის — პრაქტიკულად ერთადერთი მსხვილი გასაღების ბაზარი იყო. ამ ფონზე ევროკავშირის მხრიდან არ მოგვისმენია არც ერთი მხარდამჭერი განცხადება, არც სომეხი ბიზნესმენების მისამართით და არც სავაჭრო შეღავათების ან სპეციალური სავაჭრო პაკეტების შეთავაზების შესახებ.
გავიხსენოთ მარკო რუბიოს ისტორიული, სულ რაღაც 45-წუთიანი ვიზიტი სომხეთში. ამ ვიზიტის დროს მისგან არც ერთი მხარდამჭერი განცხადება არ მოგვისმენია. ზუსტად ისე, როგორც წლების განმავლობაში მსგავსი არაფერი გაკეთებულა საქართველოს მიმართ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს თავისუფალი ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებითაც ხმა არ ამოუღიათ. იგივე სიჩუმეა დღეს სომხეთთან მიმართებით, მაშინ როდესაც ამ ქვეყანას ძალიან რთული დღეები ელის.
შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან სომხეთის მიმართ არსებობს მხოლოდ ერთი რეალური შეთავაზება — ღია კართან ათწლეულების განმავლობაში ლოდინი, ისევე როგორც ამას წლების განმავლობაში საქართველოს სთავაზობდნენ. ასევე სთავაზობენ იმას, რასაც აღარ სთავაზობენ ჩვენზე „რეიტინგულად უფრო მაღალ პოზიციებზე“ მყოფ უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას.
აქედან გამომდინარე, ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, დაუჯერებს თუ არა ამ გამოცდილებას, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


