„ის, რასაც საქართველო არც სჩადის და არც აპირებს ჩაიდინოს, ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ და აგრესიულ რიტორიკად ფასდება, მაშინ როდესაც სრული სიჩუმეა იმ განცხადებებსა და რიტორიკაზე, რასაც დღეს ერევნიდან ვისმენთ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა სომხეთში არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და შიდა დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„სანამ ოფიციალური ერევანი არ გადავიდა დაპატიმრებების, ეკლესიის იერარქების მიმართ კრიმინალური ხასიათის ბრალდებების წაყენების, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებისა და მსგავსი რიტორიკის გამოყენებაზე, მსგავსი განცხადებები არ გაჟღერებულა. ისინი მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ერევანმა ევროინტეგრაციის გზაზე დადგომის მზადყოფნა დააფიქსირა, ანუ იმ „დემოკრატიული“ ფასეულობების გაზიარების სურვილი გამოთქვა, რომლებზეც, მათი განცხადებით, ბრიუსელისა და ევრობიუროკრატიის საგარეო პოლიტიკა დგას.
იგივე სურათს ვხედავთ უკრაინასა და მოლდოვაშიც, სადაც პრობლემად არ მიიჩნევა პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, პარტიების აკრძალვა, მედიასაშუალებების დახურვა და სხვა მსგავსი ქმედებები.
შესაბამისად, დღეს უკვე ერევნის მაგალითზეც ნათლად ჩანს, რას ნიშნავს ის დემოკრატია და ის ფასეულობები, რომელთა უკუსვლაზეც საქართველოსთან მიმართებით ბოლო შვიდი წელია ყოველდღიურად გვესაუბრებიან. თუ ასეა, მაშინ რა არის ის, რაც დღეს ერევანში ხდება? რას ნიშნავს ფაშინიანის რიტორიკა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ? რაზე მეტყველებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მწვავე განცხადება, რომელიც სომხეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთდა?
სომხეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და, ბუნებრივია, თავად წყვეტს, როგორ ჩაატაროს არჩევნები საკუთარ ქვეყანაში და როგორ ესაუბროს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. თუმცა, როდესაც მსგავსი ქმედებები ნორმად მიიჩნევა ერთი ქვეყნის მიმართ, ხოლო საქართველოს მიმართ, როგორც სუვერენული სუბიექტის მიმართ, გაცილებით მსუბუქი ქმედებებიც კი კრიტიკისა და ბრალდებების საფუძველი ხდება, ეს უკვე ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
სწორედ ამაში მდგომარეობს ორმაგი სტანდარტი — ის, რასაც საქართველო არც სჩადის და არც აპირებს ჩაიდინოს, ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ და აგრესიულ რიტორიკად ფასდება, მაშინ როდესაც სრული სიჩუმეა იმ განცხადებებსა და იმ რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს ერევნიდან ვისმენთ.
ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვითარება სახიფათოა შიდა სამოქალაქო დაპირისპირების თვალსაზრისითაც. უახლოეს ისტორიაში გვაქვს სამწუხარო მაგალითი, როდესაც შეიარაღებული პირები სომხეთის პარლამენტში შეიჭრნენ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები ადგილზე მოკლეს.
ნამდვილად არ მსურს, რომ სომხეთში აგრესიული რიტორიკის ფონზე სამოქალაქო დაპირისპირებამ დაარღვიოს ის რთულად მიღწეული მშვიდობა და სტაბილურობა, რომლის შენარჩუნებაც დღეს მთლიანად სამხრეთ კავკასიას სჭირდება“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


