არჩილ გორდულაძე: „დე-ფაქტო თუ დე-იურე სანქციების, შანტაჟისა და მრავალწლიანი ზეწოლის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ბიძინა ივანიშვილისთვის ამ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმევინება. პირიქით, თავისი გამოცდილებით, შეგნებითა და პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით, იგი ჩვენი ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტია“

13

„დე-ფაქტო თუ დე-იურე სანქციების, შანტაჟისა და მრავალწლიანი ზეწოლის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ბიძინა ივანიშვილისთვის ამ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმევინება. პირიქით, თავისი გამოცდილებით, შეგნებითა და განსაკუთრებული პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით, იგი ჩვენი ქვეყნის მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. ამავდროულად, სწორედ ის არის იმ პოლიტიკური გუნდის შემკვრელი ძალა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და რომელსაც ქართული საზოგადოება უკვე მეათე არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ამ ქვეყნის ავის მსურველებს განსაკუთრებული აქცენტი აქვთ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე — ადამიანზე, რომელსაც ქართული საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს.

თუ ყველაფერს გვერდზე გადავდებთ და მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბრებთ, ყოველგვარი შეფასებების გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ცდილობენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული არაკეთილმოსურნეები დეზინფორმაციის გავრცელებას და იმგვარი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს ფაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, უნდა დავიწყოთ 2011 წლიდან — 15 წლის წინანდელი მოვლენებიდან. მაშინ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, ბოლო იმედიც კი გვეკარგებოდა, რომ გარე მმართველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური, სისტემატური და რეპრესიული რეჟიმის დასასრული ოდესმე დადგებოდა.

ამ ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი პირადი და ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის მიუხედავად, თუ პრემიერ-მინისტრის შეფასებას დავესესხებით, გროსმაისტერული ნაბიჯებით შეძლო და არჩევნების გზით სისხლიანი რეჟიმი ჩამოაშორა მთელ ქვეყანას.

ამის შემდეგ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არაერთი რთული წელი იყო. მათ შორის, „ქართული ოცნების“ გუნდშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც დღეს პირდაპირ იბრძვიან მის წინააღმდეგ და რადიკალური კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა მაშინ კულისებს მიღმა და რა ინტერესების გატარებას ცდილობდნენ ისინი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელით.

დღეს ჩვენ ვხედავთ მყარ გუნდს და ამ სიმყარეში განსაკუთრებული წვლილი სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის. სხვა რომ არაფერზე ვისაუბროთ, იგი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მმართველი პარტიის უმთავრესი ფიგურა და ამავდროულად საპატიო თავმჯდომარე, რომელსაც პარტიაში კონკრეტული პოზიცია და უფლებამოსილებები აქვს. შესაბამისად, ამ კუთხით იგი ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში.

მაგალითად, თუ ჩვენი პარტიის წესდებას ჩავხედავთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების ექსკლუზიური უფლებამოსილება პოლიტიკური საბჭოს წინაშე სწორედ საპატიო თავმჯდომარეს გააჩნია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მნიშვნელობასა და პოლიტიკურ როლს.

წლების განმავლობაში, ჯერ დე-ფაქტო, ხოლო შემდეგ უკვე დე-იურე სანქციების, არაერთი შანტაჟის მცდელობის, შეხვედრებისა და სხვადასხვა ზეწოლის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ბიძინა ივანიშვილისთვის ამ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმევინება. პირიქით, მთელი თავისი გონებით, გამოცდილებით, შეგნებითა და განსაკუთრებული პოლიტიკური შორსმჭვრეტელობით, იგი ჩვენი ქვეყნის მშვიდობის გარანტიაა. იგი არის იმ პოლიტიკური გუნდის შემკვრელი ძალა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და, შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელსაც ქართული საზოგადოება უკვე მეათე არჩევნებში უჭერს მხარს.

ამავდროულად, ხუთი რევოლუციური მცდელობის მიუხედავად, საზოგადოება ჩვენი გუნდის გვერდით დგას და გვაძლევს ძალას, ვიყოთ თამამები, გაბედულები და პრინციპულები ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც სურს, რომ გარე მმართველობა კვლავ დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში, როგორც ეს 2003-2012 წლებში იყო.

ასევე ვისმენთ არაერთ დეზინფორმაციას. მაგალითად, დინოზავრების პარკის მოსაწყობად სახელმწიფოსთვის გადაცემულ 2700 კვადრატულ მეტრთან დაკავშირებით თავდაპირველად საუბრობდნენ თითქოს 27 ჰექტარზე, შემდეგ კი დაიწყეს მტკიცება, რომ ეს ფულის გათეთრების სქემა იყო. ჯერ იქამდეც ვერ მივიდნენ, რომ ეთქვათ, თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის კეთდებოდა და ხალხს ფულს გადაახდევინებდნენ. მსგავსი განცხადებები თავის დროზე დენდროლოგიური პარკის შესახებაც კეთდებოდა, თუმცა დღეს ყველა ვხედავთ, რომ იქ შესვლა ყველას შეუძლია — როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ მის საქველმოქმედო საქმიანობაზე, თუმცა ერთია ქველმოქმედება და მეორე — პოლიტიკური ქველმოქმედება, რაც, პირველ რიგში, სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკური ველიდან ჩამოშორებაში გამოიხატა და, ამავდროულად, მშვიდობის გარანტიად იქცა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.