„ჩვენგან ითხოვენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მათ პოზიციებთან ასპროცენტიან თანხვედრაში იყოს, თუმცა სირიის მიმართ ის ელემენტარული მოთხოვნაც კი არ ისმის, რომ უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება“ – არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატიაზე

10

„ჩვენგან ითხოვენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მათ პოზიციებთან ასპროცენტიან თანხვედრაში იყოს, თუმცა სირიის მიმართ ის ელემენტარული მოთხოვნაც კი არ ისმის, რომ უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება“ — არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატიაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევრობიუროკრატიაზე საუბრისას განაცხადა.

„სირიას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს, ნიკარაგუასაც უვიზო მიმოსვლა აქვს. ევროკავშირის წარმომადგენლები ხვდებიან იმ ქვეყნების ლიდერებს, რომელთაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არაფრად მიაჩნიათ და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვთ აღიარებული.

ჩვენ ვნახეთ კადრები, რომლებიც სირიიდან ვრცელდებოდა და სადაც ქრისტიანი მოსახლეობის მიმართ არა უბრალოდ არაადამიანურ მოპყრობაზე, არამედ პირდაპირ წამებაზე იყო საუბარი. დღეს კი იმავე ადამიანებს ხელს ართმევენ და მათთან თანამშრომლობას აგრძელებენ.

როდესაც კონკრეტულ ქვეყანას ფინანსურად ეხმარები, მინიმუმ ელემენტარული პირობა მაინც უნდა დააყენო — არსებობს საქართველო, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას ევროკავშირი თავად უჭერს მხარს, ყოველ შემთხვევაში, განცხადებების დონეზე მაინც. შესაბამისად, ბუნებრივი იქნებოდა მოთხოვნა, რომ უკან გაეწვიათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება.

ამავე დროს, ჩვენგან ითხოვენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა, განცხადებები და მოქმედებები ასპროცენტიან თანხვედრაში იყოს მათ პოზიციებთან. არადა, საგარეო პოლიტიკა მხოლოდ განცხადებების გაკეთება ან ტექსტის წაკითხვა არ არის — საუბარია მთლიან პოლიტიკურ ვექტორზე. მიუხედავად ამისა, სირიის მიმართ ის ელემენტარული მოთხოვნაც კი არ ისმის, რომ უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება. სწორედ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ უცხოელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, რომელთა უკანაც გავლენიანი საერთაშორისო ძალები დგანან, რეალურად აღელვებთ, პარტიული დემოკრატიის რა საფეხურზეა „ქართული ოცნება“. აქ საკითხი სხვა რამეშია — საზოგადოება მუდმივად შეაჩვიონ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „დემოკრატიული უკუსვლა“, ან ისეთ დამაკნინებელ ეპითეტებს, როგორიცაა „რუსული ხელისუფლება“.
სწორედ ეს არის ის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ყოველგვარი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების გარეშე ცდილობენ რუსული იარლიყის მიწებებას, შემდეგ კი უკვე მეორე მხარეს უწევს მუდმივად თავის მართლება. სწორედ ამ მოცემულობაში გვიწევს მოქმედება და პოლიტიკური პროცესების წარმართვა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.