„თუ ევროკავშირში კიდევ დარჩა საღად მოაზროვნე ძალა, ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟის იარაღად არ უნდა გამოიყენონ“, — ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ამ არარჩეული, დანიშნული თუ ზოგ შემთხვევაში არჩეული ბიუროკრატის უკან დგას ერთი დიდი გაერთიანება, ერთი დიდი ძალა, რომლის მთავარი მიზანიც საკუთარი გავლენისა და ძალაუფლების რაც შეიძლება ფართოდ გავრცელებაა.
ამ ფონზე კი გამოჩნდა პატარა, მაგრამ მრავალჭირნახული ქვეყანა — საქართველო, მრავალსაუკუნოვანი და მრავალათასწლოვანი ისტორიით, რომელიც უბრალოდ აცხადებს: „მე ვარ შემდგარი სახელმწიფო და არ მოგცემ უფლებას, შენი ინტერესები თავს მომახვიო, შენი ძალაუფლების წყურვილს კი ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი შეეწიროსო.“
დღეს ვხედავთ, რომ ამ არარჩეულ ევრობიუროკრატებს შანტაჟის ფაქტობრივად ერთი მთავარი ბერკეტი დარჩათ — ვიზალიბერალიზაცია. მეორე მსგავსი ბერკეტი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი იყო, თუმცა ეს თემა თავად ევროკავშირმა შეაჩერა 2024 წლის ივლისში, რაც ევროკავშირის წარმომადგენლის ოფიციალური წერილითაც დადასტურდა ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის მიმართ. ეს ფაქტი ასევე დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როდესაც აღნიშნა, რომ საქართველო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს თავად აღარ დააყენებს. შესაბამისად, შეუძლებელია შევაჩეროთ ის, რაც უკვე შეჩერებულია.
მიუხედავად ამისა, საქართველო აგრძელებს ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რათა იყოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაზე მეტად მომზადებული ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მზადმყოფი სახელმწიფოა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ზეწოლის შესაძლებლობა პრაქტიკულად განულებულია და დარჩენილია მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის საკითხი, რომლის შესახებაც წლების განმავლობაში თითქმის ყოველ კვარტალში გვესმის, რომ განხილვა მიმდინარეობს და თითქოს უარყოფითი გადაწყვეტილება გარდაუვალია.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედებს ორმხრივად სავალდებულო შეთანხმება, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი ის კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა. საუბარია რეადმისიის საკითხებზე, საზღვრის დაცვის პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და სხვა ტექნიკურ კრიტერიუმებზე.
მიუხედავად ამისა, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მცდელობა, რომ ამ ტექნიკურ და მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად პოლიტიკური კონიუნქტურაც შემოეტანათ, რაც საბოლოოდ განხორციელდა კიდეც. მაგალითად, შეიზღუდა დიპლომატიური და სამსახურებრივი, ე.წ. ლურჯი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები კვლავ სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით. ამის დასაბუთებად კი დასახელდა, რომ თითქოს საქართველოს დიპლომატების ევროკავშირში გადაადგილებამ შეიძლება მართლწესრიგს შეუქმნას საფრთხე. ეს არგუმენტი, ბუნებრივია, ბევრ კითხვას აჩენს.
შემდეგ გაჩნდა კიდევ უფრო ზოგადი ჩანაწერები, რომლებიც პოლიტიკურ სტაბილურობასა და ადამიანის უფლებებს უკავშირდება. ამ კონტექსტში კი ჩნდება კითხვა — როგორ შეიძლება ნიკარაგუა საქართველოსზე წინ იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით?
საბაბად სახელდება ასევე კანონმდებლობა, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას ეხება. გვესმის მოწოდებები, რომ თუ ეს კანონი არ გაუქმდება, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. კიდევ ერთი არგუმენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონს უკავშირდება. საბოლოოდ იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოქალაქის უვიზო მიმოსვლის ბედი კონკრეტული ორგანიზაციების ან ცალკეული პირების ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებაზეა დამოკიდებული.
სწორედ აქამდე სურთ დაიყვანონ ერთი შეხედვით ტექნიკური, მაგრამ რეალურად უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საზოგადოებაზე ზემოქმედების ძლიერ პოლიტიკურ ბერკეტად არის ქცეული.
რაც მთავარია, გვეუბნებიან, რომ მათ ჩვენზე უკეთ იციან, რა სჭირდება საქართველოს განვითარებასა და წინსვლას. ამ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა — ხომ არ ბატონი როთის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ევროპული გზა ეკლესიასთან და ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია? შემთხვევით ეს გზა და ეს მიდგომა ხომ არ უნდათ გავატაროთ საქართველოში? რა თქმა უნდა, ამას არ გავატარებთ. თუ ევროკავშირში კიდევ დარჩა საღად მოაზროვნე ძალა, ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟის იარაღად არ უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


