ირაკლი კობახიძე: „ამერიკის პრეზიდენტი არა მარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, ისაუბრა ამერიკისთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს ჩინეთთან. ეს არის მარტივი ორმაგი სტანდარტი“

7

„თქვენ იცით, რომ ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს სხვადასხვა ნაბიჯისა და ქმედებისთვის. იგივე ეხება ჩინეთის შემთხვევასაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„თავად ამერიკის პრეზიდენტი არა მარტო აქტიურად საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ მას ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, ბატონ სი ძინ პინს, მან ისაუბრა ამერიკისთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, – ეს არის მოცემულობა და ასეთ დროს, მისი პარტიის წევრები, წარმოიდგინეთ, გამოდიან და აკრიტიკებენ საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ეს არის მარტივი ორმაგი სტანდარტი და ამას, მე მგონი, მაინცდამაინც ღრმა შეფასება არ სჭირდება.

იგივე ეხება ევროკავშირს. ევროკავშირის წარმომადგენლებიც ძალიან ხშირად საუბრობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და, ასეთ დროს, ისინი პერიოდულად გამოდიან ხოლმე და ჩვენ გვაკრიტიკებენ ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.