9-10 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა

6

9-10 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა “PLATFORMA-ს” ახლად არჩეული სპიკერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენელი და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი მარიამ გრიგოლიშვილი.

დელეგატმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ტრანსფორმაციასა და საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ მთავარ კარიბჭეზე.

“ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის”, – განაცხადა გრიგოლიშვილმა.

მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, მეტად დაუჭიროს მხარი მუნიციპალიტეტებს შორის პირდაპირ, პარტნიორულ გაცვლით პროგრამებს და ეს მიდგომა ასახოს „Global Gateway-ის” საინვესტიციო ფონდებში, რათა ადგილობრივი განვითარება სრულად შეესაბამებოდეს რეგიონულ სტრატეგიულ მიზნებს.

“PLATFORMA-ს” პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლზე საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის პროცესში, ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის პრიორიტეტებსა და „Global Europe-ის” ფარგლებში მიმდინარე ინიციატივებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და საერთაშორისო მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.