„სამწუხარო სპეკულაცია მოჰყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მე არ ვსაუბრობდი კონკრეტულ მოსამართლეზე, პირობითად ვისაუბრე იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„მეორე და მთავარი – მე აღვნიშნე, რომ დღეს, როგორც მოსამართლეები, ისე სასამართლო სისტემა, მოწოდების სიმაღლეზეა და ემსახურებიან კანონსა და კონსტიტუციას. ასევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, აღვნიშნე, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ შექმნას ისეთი დაცვის მექანიზმი, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კი მოსამართლეები და სასამართლო დაცული იყვნენ ყოველგვარი სავარაუდო გავლენისგან.
მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და, ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად! მოვუწოდებ ყველას, ნუ ეცდებიან, დაამთხვიონ ჩემი სიტყვები „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს წარმოვადგენ ხელისუფლების ოპოზიციას, ჩემს ინტერესსა და პოლიტიკურ დღის წესრიგში არ შედის, “ნაცმოძრაობის” მსგავსად, შავი ვამტკიცო თეთრზე, ვისაუბრო არარსებულ „კლანზე“ და არ არის მისაღები, რომ რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს ხელოვნურად დაამთხვიონ ჩემ მიერ ართქმული სიტყვები”, – განაცხადა ბოჟაძემ.


