“საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის პირველ რეზიდენტ ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შევხვდი”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
“დადებითად შევაფასე თბილისში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა და ამიტ კუმარ მიშრას მივულოცე საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა.
ხაზი გავუსვი საქართველოსა და ინდოეთს შორის მზარდ თანამშრომლობას. დადებითად გავიხსენე გასულ წელს ინდოეთში განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი.
ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე. ამ კუთხით, აღვნიშნეთ, რომ ინდოეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდა.
დავადასტურე, რომ საქართველოს პარლამენტი ღიაა გაცვლებისთვის როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ისე სექტორულ კომიტეტებს შორის.
შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ბევრი ინდური კომპანიისთვის საინტერესო იქნება საქართველოსთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ფარმაცევტული და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
ინდოეთის ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ინდოეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.


