„ეუთო გარკვეულწილად ინარჩუნებს ორგანიზაციულ ეთიკას და, ნაწილობრივ, ობიექტურობასაც, მაგრამ მისი ანგარიშები ვერანაირ პოლიტიკურ გავლენას ვერ ახდენს, თუკი მათი შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებთან“, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა, შოთა თხელიძემ სომხეთში ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეუთო გარკვეულწილად ინარჩუნებს ორგანიზაციულ ეთიკას, ორგანიზაციულ პრინციპებს და, ნაწილობრივ, შეიძლება ითქვას, ობიექტურობასაც, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეუთოს მსგავსი ანგარიშები პოლიტიკურ გავლენას ვერ ახდენს, თუკი მათი შინაარსი საგარეო პოლიტიკურ ინტერესებთან, ამ შემთხვევაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, წინააღმდეგობაში მოდის.
ბოლო წლებში უკვე ცალსახად ჩანს, რა არის ღირებულებათა ჯაჭვში პრიორიტეტული. ვხედავთ, რომ დასავლეთისთვის დღეს გეოპოლიტიკური ინტერესი ნომერ პირველი ღირებულებაა, ხოლო დანარჩენი ღირებულებები — დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფალი არჩევნები და სხვა — მეორეხარისხოვან პოზიციაზეა. როდესაც რომელიმე ეს ღირებულება პრიორიტეტულ გეოპოლიტიკურ ინტერესთან წინააღმდეგობაში მოდის, ხდება მისი ნიველირება.
აქედან გამომდინარე, ეუთოს ანგარიში პოლიტიკურ პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და ისტორიულ არქივებში დარჩება, სადაც პირობითად, ისტორიკოსებს, მკვლევრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდა სომხეთში.
ეს არ უნდა გვიკვირდეს. ეს უკვე ტენდენციაა, ეს უკვე პოლიტიკაა. და თუ მომავალშიც ვიხილავთ, რომ არჩევნებში გამოიყენებენ ძალადობრივ ან რეპრესიულ მეთოდებს და გამარჯვებას მოიპოვებს კანდიდატი, რომელიც ამ შემთხვევაში დასავლეთის ინტერესებს შეესაბამება, უნდა ვიცოდეთ, რომ კრიტიკა ან საერთოდ არ იქნება, ან მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.


