„რთულად წარმოსადგენია, რამდენად შეძლებს სომხეთი ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, როდესაც მას არც ასოცირების შეთანხმება აქვს და არც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება“ – შოთა თხელიძე

7

„რთულად წარმოსადგენია, რამდენად შეძლებს სომხეთი ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, როდესაც მას არც ასოცირების შეთანხმება აქვს და არც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება“ – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა შოთა თხელიძემ ევროკავშირის მხრიდან სომხეთის ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროკავშირი, სავარაუდოდ, მხოლოდ დიპლომატიური განცხადებებით შემოიფარგლება, რადგან ინსტიტუციურ დონეზე სომხეთი მხოლოდ ევროპის საბჭოს წევრია. ევროპის საბჭო უნივერსალური ორგანიზაციაა და ევროკავშირთან პირდაპირი ინსტიტუციური კავშირი შედარებით შეზღუდული აქვს.

ეკონომიკური კუთხით, მაგალითად, საქართველოს აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA), თუმცა რეალურად ამ შესაძლებლობებს სრულად ვერ ვიყენებთ. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შეზღუდული საექსპორტო რესურსები და წარმოების სიმძლავრეებია, ხოლო მეორე მხრივ, ისიც, რომ არსებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი გარკვეულწილად პროტექციონისტურ ეკონომიკურ პოლიტიკასაც ატარებს და მისი წევრი სახელმწიფოები ხშირად საკუთარი მწარმოებლების ინტერესებს იცავენ.

ამ ფონზე, რთულად წარმოსადგენია, როგორ შეძლებს ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ქვეყანა, რომელსაც არც ასოცირების შეთანხმება აქვს და არც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, ეს თემა გარკვეულწილად ნახევრად იუმორისტულ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ. ევროკავშირმა როგორ უნდა უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოება? ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა, და ნაწილობრივ ნატომაც, უნდა იმოქმედოს თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური და დიპლომატიური უთანხმოებებისა, აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომწოდებელია. შესაბამისად, ევროკავშირი სომხეთის უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად არ გაიფუჭებს ურთიერთობას არც აზერბაიჯანთან და არც თურქეთთან.

საბოლოო ჯამში, მისი მხარდაჭერა სომხეთის მიმართ, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური და ვერბალური ხასიათის იქნება. ის შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა საგრანტო პროგრამითა და ფინანსური დახმარებით, რომლებიც მიმართული იქნება ინსტიტუციური განვითარების, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და სხვა მსგავსი მიმართულებების მხარდაჭერისკენ“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.