„ჩემი ვარაუდით, მსგავსი ტენდენციები სომხეთში მომავალში გახშირდება, რადგან ფაშინიანს დასჭირდება ძალაუფლების კონცენტრაცია იმისთვის, რომ ის სტრუქტურული და სისტემური ტრანსფორმაცია, რომელიც სახელმწიფოში აქვს დაგეგმილი, პრაქტიკაში განახორციელოს“, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა შოთა თხელიძემ სომხეთში ოპოზიციური ფიგურების დაკავებებზე საუბრისას განაცხადა.
„სომხეთში პოლიტიკური პოლარიზაცია აშკარად არსებობს, რაც კარგად ჩანდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. გავრცელდა არაერთი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ხვდებოდა ფაშინიანს რეგიონებში მოსახლეობა და უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად არ იყო გულთბილის შეხვედრები.
უნდა ითქვას ისიც, რომ ფაშინიანი წინასაარჩევნოდ საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა ოპოზიცია ნამდვილად არ გამოირჩეოდა ორიგინალური და აქტიური საარჩევნო კამპანიით. შესაბამისად, ის, რომ ფაშინიანმა ასეთი უპირატესობით მოიგო არჩევნები, ნაწილობრივ განპირობებულია ოპოზიციის ფრაგმენტაციითაც.
რაც შეეხება პოლიტიკურ რეპრესიებს, რასაც სომხეთში ვხედავთ, ეს პროცესი უკვე წლებია მიმდინარეობს. დაახლოებით 30-მდე ოპოზიციონერია დაკავებული, რამდენიმე მათგანი კი გარდაიცვალა. ასევე დაკავებულია გიუმრის მერი, რომელიც ოპოზიციას წარმოადგენს.
ამგვარი რეპრესიული ტენდენციები ფერადი რევოლუციების პროექტებისთვის უცხო არ არის. მსგავსი მაგალითები შეიძლება დავინახოთ, მათ შორის, უახლოეს ისტორიაში მოლდოვაშიც, სადაც ოპოზიციური პარტიები აკრძალულია, მედია შეზღუდულია და პოლიტიკური სივრცე მნიშვნელოვნად მონოპოლიზებულია.
ჩემი ვარაუდით, მსგავსი ტენდენციები სომხეთში მომავალში გახშირდება, რადგან ფაშინიანს დასჭირდება ძალაუფლების კონცენტრაცია იმისთვის, რომ ის სტრუქტურული და სისტემური ტრანსფორმაცია, რომელიც დაგეგმილი აქვს სახელმწიფოში, პრაქტიკაში განახორციელოს“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.


