ირაკლი ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკომისიას შორის დაგეგმილ შეხვედრაზე: „ფორმალურად შესაძლოა ეს შეხვედრა ტექნიკური ხასიათის შეხვედრად გამოიყურებოდეს, მით უმეტეს, რომ საქართველოდან მასში არც ერთი პოლიტიკოსი არ მონაწილეობს. თუმცა მოთხოვნები, რომლებიც ამ პროცესთან არის დაკავშირებული, აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს“

15

„ფორმალურად შესაძლოა ეს შეხვედრა ტექნიკური ხასიათის შეხვედრად გამოიყურებოდეს, მით უმეტეს, რომ საქართველოდან მასში არც ერთი პოლიტიკოსი არ მონაწილეობს. თუმცა მოთხოვნები, რომლებიც ამ პროცესთან არის დაკავშირებული, აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, 11 ივნისს საქართველოსა და ევროკომისიას შორის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

„ფორმალურად შესაძლოა ეს შეხვედრა ტექნიკური ხასიათის შეხვედრად გამოიყურებოდეს, მით უმეტეს, რომ საქართველოდან მასში არც ერთი პოლიტიკოსი არ მონაწილეობს. თუმცა მოთხოვნები, რომლებიც ამ პროცესთან არის დაკავშირებული, აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. საუბარია იმ კანონების გაუქმების მოთხოვნაზე, რომლებიც უკვე მიღებულია, მათ შორის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონებზე. თუმცა ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ აღნიშნულ საკითხებში უკან დახევას არ ვაპირებთ.

ასევე არსებობს მოთხოვნა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმი დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებთანაც თავად ევროკავშირს აქვს სავიზო რეჟიმი — მაგალითად, რუსეთს, სომხეთსა და ჩინეთს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ტექნიკური ფორმით შეფუთული შეხვედრა, თუმცა დარწმუნებული ვარ, შინაარსობრივად ის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური იქნება, რადგან საბოლოოდ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ემსახურება.

ჩვენი მხარე წარადგენს დოკუმენტაციას და არგუმენტებს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ტურიზმისთვის და ზოგადად ქვეყნის ინტერესებისთვის. ასევე წარვადგენთ არგუმენტებს იმის თაობაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები.

თუმცა მთავარი კითხვა არის ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამის შემდეგ. ჩემი შეფასებით, კვლავ მივიღებთ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, მსგავსს იმისა, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ და ვისმენთ. ამ მიმართულებით რიტორიკა არ შეცვლილა.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ ხალხთან ხელის გადაგრეხვის ენით საუბარი არასოდეს ყოფილა წარმატებული. ვინც ქართველი საზოგადოების ბუნებას კარგად იცნობს, უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი მიდგომები შედეგს ვერ მოიტანს და იმედია, ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს დააზიანებს“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.