„თუ ჩინეთთან თანამშრომლობა თავად ვაშინგტონისთვის მისაღებია, რატომ უნდა გახდეს მსგავსი ურთიერთობები საქართველოსთვის კრიტიკის საგანი? საბოლოოდ, გამოდის, რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს ვიღაცამ უნდა უკარნახოს, ვისთან როგორ ააწყოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობები“ – ირაკლი ჭეიშვილი

17

„თუ ჩინეთთან თანამშრომლობა თავად ვაშინგტონისთვის მისაღებია, რატომ უნდა გახდეს მსგავსი ურთიერთობები საქართველოსთვის კრიტიკის საგანი? საბოლოოდ, გამოდის, რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს ვიღაცამ უნდა უკარნახოს, ვისთან როგორ ააწყოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„თუ გავიხსენებთ ჯო უილსონის „მეგობარ აქტს“, ვნახავთ, რომ მან გარკვეული მხარდაჭერა კი მოიპოვა, თუმცა როდესაც მისი რატიფიცირების საკითხი დადგა, შედეგიც ყველამ ვიხილეთ — დოკუმენტი, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდად დარჩა, რომელსაც მხოლოდ მისი ავტორები თუ კითხულობენ. მიზეზი მარტივია: ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსის აქტი იყო.

ამ შემთხვევაშიც, ჩემი აზრით, ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ამ აქტსაც იგივე ბედი ელის. თანაც, ეს საკმაოდ პარადოქსული ინიციატივაა. როდესაც ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წევრი, კონგრესმენი, სენატორი მსგავს დოკუმენტს აინიცირებს და საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობებს აკრიტიკებს, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში „ჩინეთიზაცია“ მიმდინარეობს, ხოლო ჩინეთი წარმოდგენილია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე ძალა.

ამავე დროს, იმავე პარტიის ლიდერი და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს, ჩინეთის პირველ პირს მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენიებს, ავითარებს სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს განიხილავს. ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ ჩინეთთან თანამშრომლობა თავად ვაშინგტონისთვის მისაღებია, რატომ უნდა გახდეს მსგავსი ურთიერთობები საქართველოსთვის კრიტიკის საგანი?

საბოლოოდ, გამოდის, რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს ვიღაცამ უნდა უკარნახოს, ვისთან როგორ ააწყოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობები. საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს და თავად იღებს გადაწყვეტილებებს — იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა მიმართულებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ მოდის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან. არც ოფიციალური მინიშნება ყოფილა ამასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი კონკრეტული კონგრესმენის ინიციატივა და მისი სუბიექტური პოლიტიკური პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.