„ჩინეთი საქართველოს განიხილავს როგორც სუვერენულ და თანასწორ პარტნიორს და არა ისე, როგორც ამას, მაგალითად, ბრიუსელი და ევროკავშირის რიგი წამყვანი ქვეყნები აკეთებენ. მათგან განსხვავებით, ჩინეთი ზემოდან არ გვიყურებს და არ გველაპარაკება შანტაჟით, თითის ქნევითა და სხვადასხვა დათქმებით. სწორედ ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ – ირაკლი ჭეიშვილი

6

„ჩინეთი საქართველოს განიხილავს როგორც სუვერენულ და თანასწორ პარტნიორს და არა ისე, როგორც ამას, მაგალითად, ბრიუსელი და ევროკავშირის რიგი წამყვანი ქვეყნები — მათ შორის გერმანია და საფრანგეთი — აკეთებენ. მათგან განსხვავებით, ჩინეთი ზემოდან არ გვიყურებს და არ გველაპარაკება შანტაჟით, თითის ქნევითა და სხვადასხვა დათქმებით. სწორედ ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„გუშინ გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთსა და საქართველოს შორის. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, ამ ურთიერთობამ ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა. ახლა კი ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რასაც ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ეწოდება. შესაბამისად, ქვეყანას ახალი ამოცანები და დაახლოებით შვიდპუნქტიანი დღის წესრიგი აქვს, რომელიც უკვე შესრულების ფაზაშია.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოგვიტანა ჩინეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ, მაგალითად, უნდა აღინიშნოს სავაჭრო ბრუნვა. პრემიერის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველო–ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა, 2025 წელს — 21%-ით, ხოლო 2026 წელს — 45%-ით. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა და ქვეყნის ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ასევე უნდა აღინიშნოს სხვა პროცესებიც, რომლებიც საქართველო–ჩინეთის ურთიერთობებში ვითარდება. მაგალითად, უვიზო მიმოსვლა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგ ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. არსებობს კონკრეტული მონაცემებიც ჩინეთიდან შემოსული ტურისტების მზარდ რაოდენობაზე.

გარდა ამისა, მზარდია საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით, ასევე იმპორტი. ვითარდება სარკინიგზო მიმოსვლა, იზრდება საქართველოს როლი შუა დერეფანში, რაც ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს.

საგულისხმოა პირდაპირი ფრენებიც — საქართველოსა და ჩინეთს შორის უკვე რამდენიმე ავიაკომპანია ოპერირებს, ხოლო ივლისიდან დაემატება შანხაის მიმართულებაც. ასევე ვითარდება საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, რაც ახალგაზრდებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩინეთი საქართველოს განიხილავს როგორც სუვერენულ და თანასწორ პარტნიორს და არა ისე, როგორც ამას, მაგალითად, ბრიუსელი და ევროკავშირის რიგი წამყვანი ქვეყნები — მათ შორის გერმანია და საფრანგეთი — აკეთებენ. როგორც ეს ქვეყნები გვესაუბრებიან შანტაჟით, თითის ქნევით და დათქმებით, ასე არ გველაპარაკება დღეს ჩინეთი — ზემოდან არ გვიყურებს და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.