თამარ ჩიბურდანიძე რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ისინი ახლა ერთმანეთის ამომრჩევლებზე მუშაობენ – ბრძოლა აღარ არის ახალი ხმების მოზიდვაზე, ბრძოლა არის იმაზე, ვინ ვის წაართმევს ხმებს“

20

„ისინი ახლა ერთმანეთის ამომრჩევლებზე მუშაობენ — ბრძოლა აღარ არის ახალი ხმების მოზიდვაზე, ბრძოლა არის იმაზე, ვინ ვის წაართმევს ხმებს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ რადიკალურ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება თვითლიკვიდაციის პროცესს ჰგავს. რატომ ხდება ეს და რატომ დაუპირისპირდნენ ოპოზიციური ძალები ერთმანეთს? მიზეზი მხოლოდ ერთია — მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ხმის მიღება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლიდერი უნდა გამოკვეთონ ოპოზიციაში.

ფაქტობრივად, წინა საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ერთი ლიდერი არ ჰყავდა — მას ჰყავდა რამდენიმე ლიდერი, რამაც ქაოსი შეიტანა ოპოზიციურ გაერთიანებაში. მათი საერთო ლიდერი კი კვლავ და კვლავ მიხეილ სააკაშვილი იყო.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას ფაქტორს, მას ნამდვილად აქვს სათქმელი, რადგან საერთაშორისო დონეზე, ქართულ დიასპორებში, მან „ნაციონალურ მოძრაობას“ აჯობა და თითქმის ყველა ქვეყანაში მათზე მეტი ხმა მიიღო. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტები მის სასარგებლოდ მეტყველებს და ის ცდილობს, საკუთარი ძალები მოსინჯოს და დამოუკიდებლად გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე.

იმის გათვალისწინებით, რომ დიასპორა უკვე ადგილზე ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ხმის მიცემას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებიც არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვლენ, რამდენად შეძლებს ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებით საკუთარი პოლიტიკური რეიტინგის გაზრდას, ჯერჯერობით გაურკვეველია. მით უფრო, როდესაც მან განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან ალიანსი შესაძლოა აღარ ჰქონდეს.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მას საკუთარი ავტორიტეტი და ამომრჩეველი ჰყავს, თუმცა, ვფიქრობ, მელიას ფაქტორი გვარამიას დააკლდება. ბოლოს და ბოლოს, ნიკა მელია თბილისელია და მას თავისი კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფი ჰყავდა.

აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა რესურსს იპოვის გვარამია საქართველოში, თუმცა ის იყო ერთ-ერთი ლიდერი და შემოქმედი იმ სისხლიანი რეჟიმისა, რომელიც საზოგადოებამ წარსულს ჩააბარა და რომელსაც ქართველი ხალხი აღარასოდეს დააბრუნებს.

საბოლოოდ, სადაც არ უნდა გადანაწილდეს ეს ხმები, როგორი პარტიებიც არ უნდა წარმოიშვას მათგან და ვინც არ უნდა დაწინაურდეს ლიდერად, მათ აქვთ ის ელექტორალური რესურსი, რაც აქვთ. ამ ზღვარს მიღმა ისინი ხმებს ვეღარ დაიმატებენ. სწორედ ამიტომ ისინი ახლა ერთმანეთის ამომრჩევლებზე მუშაობენ — ბრძოლა აღარ არის ახალი ხმების მოზიდვაზე, ბრძოლა არის იმაზე, ვინ ვის წაართმევს ხმებს“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.