„მაშინ, როცა თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინი მისი მეგობარია, მისი პოლიტიკური გუნდის სხვა ფრთის წარმომადგენელი ჯო უილსონი აკეთებს განცხადებებს, თითქოს საქართველო ამერიკის მტერია და პროჩინურ გზას ადგას. წარმოიდგინეთ, როგორი აშკარა შეუსაბამობაა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს შეუძლია ჰყავდეს ძალიან ძლიერი და მრავალმხრივი პარტნიორები. ჩვენ უკვე გავაფორმეთ ყოვლისმომცველი პარტნიორობის დოკუმენტი ჩინეთთან. რას ნიშნავს „ყოვლისმომცველი“ პრაქტიკაში, ამას დრო და პროცესები აჩვენებს და საზოგადოებაც ეტაპობრივად უკეთ გაიგებს. ამასთანავე, საქართველოს შეუძლია ჰყავდეს ამერიკა, როგორც მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორი.
რაც შეეხება ჯო უილსონის განცხადებებს, მათ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, რადგან ის ჩემთვის წარმოადგენს ერთგვარ რუპორს, რომელიც კონკრეტული გზავნილების გაჟღერებისთვის გამოიყენება.
მაშინ, როცა თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინი მისი მეგობარია, ამავე დროს მისივე პოლიტიკური პარტიის სხვა ფრთის წარმომადგენლი, ჯო უილსონი აკეთებს განცხადებას, რომ თურმე საქართველო ამერიკის მტერია, პროჩინურ გზას ადგას და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, როგორ აშკარა შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე.
რეალურად, საქართველო თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთამაშესთან, რომელსაც დღეს მშვიდობისა და სტაბილურობის დღის წესრიგი აქვს. საქართველოსა და ჩინეთის დაახლოება განპირობებულია იმით, რომ ორივე ქვეყნის ინტერესები ამ ეტაპზე თანხვედრაშია — საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, ხოლო ჩინეთიც დაინტერესებულია ამავე რეგიონში მშვიდობით, სტაბილური გარემოს არსებობით და ეკონომიკური განვითარებით.
ამ შემთხვევაში, ჩვენი ეროვნული ინტერესებიც დაცულია, რადგან ჩინეთი ტრადიციული სახელმწიფოა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კულტურას, რელიგიასა და საკუთარ ღირებულებებს. ხოლო ქვეყანა რომელიც საკუთარ ღირებულებებს პატივს სცემს, როგორც წესი, სხვის ღირებულებებს ცუდად არ ეხება.
აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება. საქართველო აუცილებლად წინ წავა, მშვიდობაც გვექნება, სტაბილურობაც და ეკონომიკური განვითარებაც“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.


