ზაზა შათირიშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის შესახებ: “აშკარაა, რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე – იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამეთუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია”

19

“ჯო უილსონი კომიკური ფიგურაა, ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაც კარგად ხვდება, თუმცა არაფერია სასაცილო იმაში, რომ კონგრესში ჯო უილსონის გამოსვლა და ოპოზიციური ალიანსის, უფრო სწორად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ბრიფინგის შინაარსი და ქვეტექსტი ლამის ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთს”, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

„როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის – „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თქმა უნდა, ჩინეთის „მავნე გავლენებისგან“ დაცვა ყოფილა.

შესაძლოა რიგითმა ჯო უილსონმა არ იცოდეს, რომ საქართველოში ირანის პოლიტიკურ, გნებავთ – ეკონომიკურ გავლენაზე საუბარი სასაცილოა და ამაზე კონკრეტული ფაქტები და რიცხვებიც მოწმობს; რუსეთთან ურთიერთობაზე რა უნდა ვთქვათ – შესაძლოა რიგით უილსონებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებაც არ სმენიათ, მაგრამ ცხადია, ირანი და რუსეთი მხოლოდ შლეიფად გაჰყვება მთავარ საკითხს – საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, უმაღლეს დონეზე გახშირებულ კონტაქტებს და იმ ბენეფიტებს, რასაც საქართველო ამ პარტნიორობიდან იღებს. შესაბამისად, როდესაც ჯო, გიგი, გიგა და ზურა სხვადასხვა სიტყვით – ერთსა და იმავეზე საუბრობენ და იდენტურ აქცენტებს სვამენ, აშკარაა, რომ ეს პროცესი მათი პატრონების მხრიდანაა კოორდინირებული.

აშკარაა ისიც, თუ რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე – არა იმიტომ, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამერიკასთან ჩინეთის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამეთუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია. სწორედ ესაა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენულობაზე გარედან, თუ შიგნიდან წამოწყებული ამ კოორდინირებული შეტევის რეალური მიზანი.

არაერთი ასეთი შეტევა უკვე გვინახავს და ალბათ მომავალშიც მრავლად ვნახავთ მანამ, სანამ საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს მტკიცედ და ურყევად დაიცავს, მაგრამ ამ კონტექსტში ახლა სულ სხვა რამაა საინტერესო, კონკრეტულად ის, თუ სადამდე მივა ეს პროცესი, რადგან ამ პროცესის დასასრული არაერთ, აქამდე – პასუხგაუცემელ კითხვას უპასუხებს”, – წერს ზაზა შათირიშვილი.