ირაკლი კობახიძე: „არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს“

5

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ვიმყოფებოდე ყირგიზეთის რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხალხებს და ქვეყნებს აკავშირებს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები, როგორც აღინიშნა, ეს არის უმაღლესი დონის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ვიზიტი არის ისტორიული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

„იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენს გვქონდა ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ასევე შევეხეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხს. აღსანიშნავია, რომ ხელი მოეწერა ჩემი და ყირგიზეთის პრეზიდენტის, ერთობლივ განცხადებას, ორმხრივ დოკუმენტებს, რომლებიც მჭიდრო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის სამომავლოდ.

მინდა, ჩვენს მეგობრებს მადლობა გადავუხადო უმაღლეს დონეზე გულთბილი მასპინძლობისთვის.

წელს ყირგიზეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს და მსურს, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ყირგიზ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უპირობო და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის.

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. ამას აქვს ძალიან მყარი საფუძველი იმ ისტორიული მეგობრობის სახით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საქართველო- ყირგიზეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.

ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაზე, მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობის განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.