პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პარტია „საქართველოსთვის“ იმ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
“არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა “შეკრება-მანიფესტაცია” ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, 19-20 ივნისს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები გამოძიებულ იქნეს.
გამოძიებამ ასეულობით პროცედურული მოქმედების ჩატარების შემდეგ გამოავლინა, რომ გიორგი გახარია არის ბრალდებული კონკრეტულ საქმეში, ახლა კი ის გაქცეულია საქართველოდან და გაურბის მართლმსაჯულებას. შესაბამისად, მისი პარტიის არცერთ წევრს არავითარი მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, რომ სიტყვები – “შეკრება” და “მანიფესტაცია” ახსენოს.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში“ ცვლილებები და სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ჩასწორებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ამავე დროს, სტრასბურგის სტანდარტებთან და, ვინც აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებებს, ის აპროტესტებს, რეალურად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეუძლიათ, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ სტრასბურგში”, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.


