„ეს ყველაფერი ქართველი ხალხის დასჯის მცდელობას ჰგავს, რადგან ქართულმა საზოგადოებამ არ აირჩია მათთვის სასურველი ხელისუფლება, არამედ მხარი დაუჭირა ეროვნულ ძალას და უარი უთხრა იმ აგენტურას, რომელმაც წარსულში ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაზე საუბრისას განაცხადა.
„უნდა ითქვას, რომ არ არსებობს ნახევრად დამოუკიდებლობა და ნახევრად სუვერენიტეტი. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ. სისხლისა და ოფლის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომელსაც სჭირდებოდა და დღესაც სჭირდება შენარჩუნება და განმტკიცება. ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი ან ფარატინა ქაღალდზე დაწერილი სიტყვა. აუცილებელია, თითოეულმა ქართველმა კარგად გაიაზროს და გულთან ახლოს მიიტანოს ის, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია დავიცვათ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რომლის ხელყოფასაც ასე დაჟინებით ცდილობენ.
ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ერთ დროს ევროკავშირი ჩვენთვის აღთქმულ ქვეყანას წარმოადგენდა. გვქონდა განცდა, რომ როდესაც დადგებოდა დღე და ევროკავშირის წევრები გავხდებოდით (ეს გეზი ბუნებრივია დღესაც აღებული გვაქვს), იქ დაგვხვდებოდა ჰარმონია, დაფასება, ტრადიციებისა და ისტორიის პატივისცემა, ღირებულებები და მრავალი სხვა სიკეთე.
და რა მივიღეთ ამ მოლოდინის სანაცვლოდ? მივიღეთ შანტაჟი, დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა და ყოველდღიური მუქარები. საინტერესო კი ის არის, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის დასჯის სპეცოპერაციას ჰგავს, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ არ აირჩია მათთვის სასურველი ხელისუფლება. ჩვენმა ხალხმა აირჩია ეროვნული ხელისუფლება, უარი უთხრა აგენტურას და ერთხელ და სამუდამოდ ზურგი აქცია იმ ძალებს, რომლებმაც საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანეს და ქართველი ხალხი და ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს.
სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ჩვენზე უპრეცედენტო ზეწოლა — ხან რას მოიგონებენ, ხან რას დაგვაბრალებენ, ხან რით დაგვემუქრებიან. ეს ყველაფერი ყოველგვარ ზღვარს სცდება.
ეს ვითარება „გეორგიევსკის ტრაქტატს“ მაგონებს. კერძოდ, მისი მესამე და მეოთხე მუხლების სულისკვეთებას იმეორებს ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება. ტრაქტატის მეოთხე მუხლში გაწერილი იყო, რომ ქვეყანას არ უნდა ჰქონოდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა. და რას გვეუბნებიან დღეს? რომ თითქოს ჩვენ არ უნდა გვქონდეს საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების უფლება. ხოლო მესამე მუხლში გაწერილი იყო ის, რასაც დღესაც ცდილობენ — თავიანთი წარმომადგენლების ქვეყნის სათავეში მოყვანას, ანუ საკუთარი გავლენისა და აგენტურის გაძლიერებას. დღევანდელი ვითარება სწორედ ამ პროცესებს გვახსენებს“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


