„ერთი ტოტალიტარული სივრციდან თავი დავაღწიეთ და ესენი მეორე ტოტალიტარული სივრცისკენ მიგვაქანებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას განაცხადა.
„კარგად გვახსოვს როგორი დამუნჯებული იყო ჩვენი ქვეყანა, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხებოდა. მაშინ რომელ დემოკრატიაზე საუბრობდნენ? დღეს კი, როდესაც საზოგადოებამ ხმა ამოიღო, არჩევანი გააკეთა, ეროვნული ხელისუფლება მოიყვანა ქვეყნის სათავეში, ომსა და უბედურებას უარი უთხრა და ტრადიციები შეინარჩუნა, სწორედ ახლა დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა და იმის მტკიცება, თითქოს საქართველოში დემოკრატია ფეხქვეშ ითელება.
რა შეგვრჩა იმ ევროკავშირისგან, რომელსაც ერთ დროს ჩვენს წარმოსახვაში აღთქმულ ქვეყანას ვადარებდით? შეგვრჩა უსამართლო ბიუროკრატთა ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და ათასგვარ ბრალდებასა და აბსურდულ განცხადებას ავრცელებენ. მათი ქმედებები უკვე სასაცილომდე მისულ ინერციას ჰგავს. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოეპოვებათ, ვინც ეტყვის, რომ მსგავსი შანტაჟი ასეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ხალხთან არ გაუვათ.
როგორი სპეცოპერაციაც არ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ ჩვენს წინააღმდეგ, ქართველმა ხალხმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ საოცრად მტკიცე და შეუდრეკელია, საკუთარი ტრადიციებისა და ღირებულებების ერთგული და მათი საიმედო დამცველი. რაც არ უნდა ეცადონ, რა რესურსიც არ უნდა დახარჯონ, მიზანს ვერ მიაღწევენ — ვერც უვიზო მიმოსვლის შეჩერების მუქარით და ვერც სხვა სახის ზეწოლით“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


