გიორგი სოსიაშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: „ადამიანი, რომელიც კარგავს ტრადიციებს, უარს ამბობს საკუთარ იდენტობაზე, აღარ აინტერესებს ეკლესია, რწმენა, წინაპრების მიერ სისხლითა და ოფლით მოპოვებული ღირებულებები და საკუთარი სამშობლო, ყველაფერზე წამსვლელი ხდება. სწორედ ეს იყო მათი მიზანი – ქვეყანა ასეთ ადამიანთა კრებულად ექციათ“

100

„ადამიანი, რომელიც კარგავს ტრადიციებს, უარს ამბობს საკუთარ იდენტობაზე, აღარ აინტერესებს ეკლესია, რწმენა, წინაპრების მიერ სისხლითა და ოფლით მოპოვებული ღირებულებები და საკუთარი სამშობლო, ყველაფერზე წამსვლელი ხდება. სწორედ ეს იყო მათი მიზანი — ქვეყანა ასეთ ადამიანთა კრებულად ექციათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ეს საზოგადოების დამუნჯების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ადამიანი, რომელიც კარგავს ტრადიციებს, უარს ამბობს საკუთარ იდენტობაზე, აღარ აინტერესებს ეკლესია, რწმენა, წინაპრების მიერ სისხლითა და ოფლით მოპოვებული ღირებულებები და საკუთარი სამშობლო, ყველაფერზე წამსვლელი ხდება. სწორედ ეს იყო მათი მიზანი — ქვეყანა ასეთ ადამიანთა კრებულად ექციათ.

ჩვენი ბუნებრივი გზა ევროპაა — ევროპულ ფასეულობებზე, ჰარმონიასა და თანასწორუფლებიან საზოგადოებაზე დაფუძნებულ სივრცესთან დაახლოებისა და გაწევრიანების გზა.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მეფეებს, დიდგვაროვნებსა და საზოგადოებას ევროპის იმედი ჰქონდათ. იქ ხედავდნენ გადარჩენის გზას, მხარდაჭერას და ქრისტიანული ფასეულობების შენარჩუნების შესაძლებლობას. საკმარისია გავიხსენოთ საქართველოდან რომსა და ევროპის სხვა ცენტრებში გაგზავნილი წერილები. უამრავი ასეთი დოკუმენტია ცნობილი, ხოლო ბოლო წლებში ახალი მასალებიც იქნა აღმოჩენილი ვატიკანის არქივებში.

რას წერდნენ ისინი ამ წერილებში და რას ითხოვდნენ? ისინი მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენას არ ითხოვდნენ. ისინი ქრისტიანული ფასეულობების, იდენტობისა და სულიერი მემკვიდრეობის დაცვას ითხოვდნენ.

თუმცა, ამ მრავალსაუკუნოვანი ლტოლვის მიუხედავად, წლების შემდეგ მივიღეთ უსახური, რეალობას მოწყვეტილი და ღირებულებებისგან დაცლილი ევრობიუროკრატია, საიდანაც ყოველდღიურად ვისმენთ ჩვენი ქვეყნის მისამართით არა მარტო კრიტიკულ, არამედ მტრულ განცხადებებსაც. იმის ნაცვლად, რომ ქართველ ხალხს გვერდში დაუდგნენ, გაამხნეონ და დაინახონ ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანა სხვადასხვა სფეროში აღწევს, ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რომ ამ არეულ და კონფლიქტებით მოცულ სამყაროში საქართველო ერთგვარ „მშვიდობის კუნძულად“ იქცა, საუბრობენ სანქციებზე, შეზღუდვებზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.