გიორგი სოსიაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: „ეთნიკურად ქართველები, მაგრამ მენტალურად სრულიად სხვა ზნეობისა და შინაგანი ბუნების ადამიანები არიან. საკუთარი ქვეყნის გაყიდვა მათთვის ძალიან მარტივია, ოღონდ ხელი მოითბონ, თავიანთ გარე პატრონებს თავი მოაწონონ და საკუთარი ქონება გააორმაგონ“

102

„ეთნიკურად ქართველები, მაგრამ მენტალურად სრულიად სხვა ზნეობისა და შინაგანი ბუნების ადამიანები არიან. საკუთარი ქვეყნის გაყიდვა მათთვის ძალიან მარტივია, ოღონდ ხელი მოითბონ, თავიანთ გარე პატრონებს თავი მოაწონონ და საკუთარი ქონება გააორმაგონ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ამაზე მეტყველებს მათ მიერ ჩატარებული ვითომ კვლევები, ასევე საკუთარი სამშობლოსთვის ურცხვად და უტიფრად წაყენებული ათასგვარი ბინძური ბრალდება. რა აღარ დაგვაბრალეს, რა აღარ იკადრეს.

ალბათ გახსოვთ რამდენიმე დღის წინ ჯო უილსონის მიერ გაკეთებული განცხადება. რა შინაარსის განცხადება წარადგინა წარმომადგენელთა პალატაში — მართლაც შემაშფოთებელი ბრალდებებით სავსე. სწორედ ამას ჰქვია თვალში ნაცრის შეყრა.

ქვეყანა ხომ მხოლოდ ტერიტორია არ არის. ადამიანს საკუთარ ხალხთან და სამშობლოსთან ემოციური კავშირიც უნდა აკავშირებდეს. მაგრამ რა ემოციაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც პირდაპირ დასმენაზე არიან ორიენტირებულები და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ ავნონ საკუთარ ქვეყანას.

გვარამიებისთვის, კანდელაკებისთვის და სხვებისთვის, რომლებიც დღეს აქეთ-იქით დაწანწალებენ, სხვადასხვა ალიანსს ქმნიან, თითქოს ერთიანდებიან, შემდეგ კი ისევ ერთმანეთს უპირისპირდებიან, მთავარი ის არის, რასაც გარე ძალები ჩასძახებენ. სწორედ ამაზე არიან ორიენტირებულნი. მათთვის ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესია — მთავარია, რაც შეიძლება მეტი გადაუხადონ. სამშობლოს ცნება მათთვის დაკარგულია, ფაქტობრივად აღარ არსებობს“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.