„ევროილუზიას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ“ – ვატო შაქარიშვილი

31

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ევროილუზიას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ“, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალუსი საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

„თუ გვერდზე გადავდებთ იმ უამრავ კრიზისს, რომელიც დღეს ევროკავშირში არსებობს — იქნება ეს ეკონომიკური, ღირებულებითი, პოლიტიკური თუ უსაფრთხოების მიმართულებით — და ბოლო ორ კვირაში განვითარებულ მოვლენებს შევხედავთ, საინტერესო სურათს დავინახავთ.

რამდენიმე დღის წინ ხუთმა ქვეყანამ — საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა — ევროკავშირში დააინიციირეს წინადადება, რომლის მიხედვითაც პოტენციურ ახალ წევრ ქვეყნებს გარკვეულ საკითხებზე ხმის უფლება უნდა შეეზღუდოთ.

ერთი მხრივ, ევროკავშირი, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მთლიანად ექვემდებარება „დიფსთეითს“, კლავს წევრ ქვეყნებში დემოკრატიას, დისკუსიისა და ჩართულობის შანსს. ეს განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შეაფერხა, მათ შორის უკრაინისთვის 90-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში. ამის შემდეგ ევროკავშირის ხელმძღვანელობაში გაჩნდა საუბარი კონსენსუსის პრინციპის გადახედვაზე. ახლა უკვე თავს იზღვევენ, რომ მომავალში რაიმე ტიპის შეფერხება თავიდან აიცილონ და ახალ წევრ ქვეყნებს უზღუდავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობასაც კი.

ახლა ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა — დაახლოებით 3.5-მილიონიანი სახელმწიფო, რომელსაც ევროკავშირთან საერთო საზღვარიც კი არ აქვს, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემით და რთული გეოპოლიტიკური გარემოთი. ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: რამდენად რეალური იქნება მისი სრულფასოვანი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ მას ხმის უფლებაც კი შეზღუდული ექნება. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ნებისნიერი მათი გადაწყვეტილება, მათი ახირება ავტომატურად უნდა დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ეს ჩვენს ფიზიკურ განადგურებას გულისხმობდეს.

მეორე საკითხია ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკა. ახალი რეგულაციებით, რომლებიც ძალაში შევიდა, გათვალისწინებულია ფინანსური ჯარიმები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვიან. საქართველო წარმოიდგინეთ ახლა ამ ვითარებაში. ანუ საქართველოს ეტყვიან, რომ მიიღოს მაგალითად ასიათასი მიგრანტი, მოგაყენებენ გემით და უნდა მიიღო. უარს იტყვი და გაჯარიმებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველ ადამიანს ფული უნდა ამოვუღოთ ჯიბიდან და ჯარიმები ვიხადოთ.

ამ ფონზე, მთავარი რაც ახლა ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი არის ის, რომ ამ ევროილუზიას წერტილი უნდა დავუსვათ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.