“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი მეგრელიშვილმა, გადაცემაში “საქართველოს დაბადება”, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენასა და მისი ვაჟის, ბერა ივანიშვილის ფაქტორზე ისაუბრა.
“მანამდე ოპოზიცია რაც იყო, იყო დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ადვილად ამარცხებდა, მაგრამ, ივანიშვილი იმდენად მითოსური ფიგურა იყო, ის რომ შემოვიდა პოლიტიკაში, არა მარტო გაჩნდა პროტესტი სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც ისედაც იყო და არ აკლდა, არამედ უკვე იმედი გაჩნდა – ეს არა მარტო დაგვამარცხებინებს სააკაშვილს, არამედ უკეთეს მომავალს შექმნისო – ასეთი განცდა გაჩნდა. მის წინააღმდეგ “ნაციონალების” მთავარი ხაზი ის იყო, რომ ის იყო რუსული პროექტი და ვინც არ უჭერდა ბიძინა ივანიშვილს მხარს, “რუსულ პროექტს ჯობს, ისევ სააკაშვილის ხელისუფლება იყოს” – დაახლოებით ასეთი ლოგიკა იყო, მაგრამ ბერა, რომელიც ახალგაზრდა იყო, იმ პერიოდში ნანუკა ჟორჟოლიანმა ძალიან გააპიარა, კეთილი ბიჭის სახელი ჰქონდა, უშუალო ადამიანი იყო ძალიან და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა. ბერა მაშინ კონცერტებს ატარებდა, რომელსაც ესწრებოდნენ და იქ გამოიკვეთა, რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას – ახალგაზრდები მის კონცერტებზე მიდიოდნენ, მღეროდნენ მასთან ერთად აქ უკვე ჩვენი [“ნაციონალური მოძრაობის”] ახალგაზრდულის პროექტები და შეთავაზებები უძლური იყო”, – განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა.


