“ისედაც არეული მსოფლიო ბოლო დღეებში კიდევ უფრო აირია. ტრამპის ბრძანებით, ირანის წინააღმდეგ დაბომბვები ინტენსიური გახდა, რასაც ირანელების საპასუხო დარტყმები მოჰყვა ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
“ტრამპი ცდილობს, 3 ნოემბერს ჩანიშნულ აშშ-ის კონგრესის არჩევნებამდე დააფიქსიროს ირანში გამარჯვება, თუმცა, ამ მიზნის მიღწევის საეჭვოობას აძლიერებს პრეზიდენტ ტრამპის ბოლო განცხადება, რომლითაც ის ამერიკელებს ეუბნება, რომ აშშ ირანში ომს კონგრესის არჩევნების დღეებში ან არჩევნების შემდეგ დაასრულებს.
ამომრჩევლებს აფრთხილებს, – თუ კონგრესის ორივე პალატაში რესპუბლიკელებს არ ექნებათ უმრავლესობა, ამერიკას კატასტროფული მომავალი ელისო.
საქმე იქამდე მივიდა, რომ კონგრესის ამ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ტრამპი თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათასი დოლარის გადახდას დაჰპირდა, რაც ექსპერტთა დაანგარიშებით, საერთო ჯამში, 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
ამასთან დაკავშირებით 2 პასუხგაუცემელი კითხვა იბადება:
1. აშშ-ის ბიუჯეტიდან თუ საიდან იხდის პრეზიდენტი ამ ფულს და
2. არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა?
რამდენიმე დღის წინ გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარის ადგილობრივ არჩევნებში, თითქმის 45%-იანი შედეგის ჩვენებით, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა.
ეს გერმანიის დღევანდელი ხელისუფლების სრული პოლიტიკური კრახი იყო, ვინაიდან გამარჯვებული პარტია გერმანიის მმართველი კოალიციის პოზიციებს თითქმის ყველა საკითხში ეწინააღმდეგება – ითხოვს გერმანიის გასვლას ევროკავშირიდან;
საემიგრაციო პოლიტიკის არა მხოლოდ გამკაცრებას, არამედ გერმანიაში უკვე მცხოვრები ემიგრანტების დეპორტაციასაც;
რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას;
მასთან გაზისა და ნავთობის ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებების დადების გზით გერმანიისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღებას;
უკრაინისათვის სამხედრო დახმარებაზე უარის თქმას და ა. შ.
გერმანიის ხელისუფლებისთვის დიდი დარტყმა იყო იმის გაცნობიერება, რომ მისი მოქალაქეების უმრავლესობა სწორედ ასეთ პოზიციებს უჭერს მხარს (თუნდაც ერთ რეგიონში), მაგრამ კიდევ უფრო უარესი შოკისმომგვრელი იყო იმის მოსმენა, რომ ტრამპმა დიდი სიხარულით მიულოცა გამარჯვება გერმანელ ულტრამემარჯვენეებს, რის შემდეგაც კანცლერმა მერცმა დემონსტრაციულად გადადო ტრამპთან დღეს დაგეგმილი სატელეფონო საუბარი, რაც მხარეებმა ლიდერების „მოუცლელობით“ ახსნეს.
ულტრამემერჯვენეების გამარჯვებების ბაცილის გავრცელების სიკვდილივით ეშინიათ ფსევდოლიბერალებს. პრევენციის მიზნით, ევროპარლამენტმა გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეს შეუწყვიტა მისთვის განკუთვნილი დაფინანსება, ხოლო ამავე შიშების გამო, საფრანგეთი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კრძალავს ამერიკული ფონდების მხრიდან დაფინანსებას.
ტრამპი არც მალავს, რომ 2027 წლის მაისში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ულტრამემარჯვენეების კანდიდატს დაუჭერს მხარს.
გაფართოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი მარტა კოსი იქამდეც კი მივიდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალა ტრამპის მიერ დაარსებულ მოძრაობა „MAGA-სთან” (Make America Great Again) კონტაქტები, რაც, ფაქტობრივად, აშშ-სთან კონტაქტების აკრძალვას ნიშნავს.
როგორც ჩანს, ახლოვდება რუსეთ-უკრაინის ომის ფინალიც, რომლის დასრულებასაც ორივე მხარე მოუთმენლად ელის, თუმცა, ისიც ჩანს, რომ ომი არც მოსკოვის, არც კიევის აღებით და, აქედან გამომდინარე, რომელიმე მხარის უსიტყვო კაპიტულაციით არ დასრულდება, მაგრამ თუ დავაკვირდებით იმ წინადადებებს, რომლებიც ტრამპის წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში რუსეთსა და უკრაინაში ჩაიტანეს, და ამ წინადადებებზე მხარეების გამოხმაურებებს, ყველაფრიდან ჩანს, რომ უკრაინელებს მათთვის სულ უფრო და უფრო უარესი პირობების განხილვას სთავაზობენ.
როგორც ჩანს, რუსეთი საბოლოოდ მოახერხებს დონბასის დარჩენილ 15-20%-ზე სრული კონტროლის დამყარებას, რაც დაფიქსირდება საბოლოო შეთანხმების ტექსტშიც. ეს არის არსებული ობიექტურობა ფრონტზე და ზოგიერთი ანალიტიკოსის მიერ გამოვლენილი ზედმეტი ოპტიმიზმი („რუსეთი მარცხდება! უკრაინა იმარჯვებს!“) რეალობას ვერ ცვლის.
ცუდია ის, რომ ევროპელების მიერ შეგულიანებულ უკრაინის ხელისუფლებას არც უკან დახევის შესაძლებლობა აქვს და არც ეფექტიანი თავდაცვის, რის გამოც იძულებულია, კიდევ და კიდევ მეტი უკრაინელი შესწიროს დონბასის დარჩენილი ტერიტორიების დაცვას.
ჩვენი ვარაუდით, ეს ყველაფერი ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც რუსები გამარჯვებად ჩათვლიან დონბასის სრულ მიერთებას, ხოლო უკრაინის ხელისუფლება გამარჯვებად გამოაცხადებს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, ანუ იმას, რომ რუსებმა არა სრულიად უკრაინა, არამედ მისი მხოლოდ 20 თუ 25% დაიპყრეს (როგორც ეს გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს).
ამ კონტექსტში ჩვენთვის ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარეს იბრძვიან ქართველები, რაც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი შავბნელი ფურცლის გამოძახილს წარმოადგენს, როდესაც სხვა სახელმწიფოთა შორის წარმოებულ ომებში (ბიზანტია, არაბები, მონღოლები, სპარსელები, თურქები, რუსები და ა. შ.), ხშირად, ორივე მხარეს მებრძოლი ქართველები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
ურთიერთდაპირისპირებისადმი ჩვენი მიდრეკილება იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო დღეებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ბუნებრივი დაპირისპირება ჩაანაცვლა შიდა მწვავე დაპირისპირებებმა როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, თუმცა ეს ცალკე განხილვის თემაა”, – წერს ნანა კაკაბაძე.


