ირაკლი ნადარეიშვილი: „ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე“

12

„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას.

ირაკლი ნადარეიშვილმა ის დარგები გამოყო, სადაც ჩინეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი საინვესტიციო სფეროებს, ენერგეტიკის, ავტოწარმოების, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით. გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, რაც ძირითადად გამოიხატება ჩინური მხარის ჩართულობაში პროექტების დამუშავების, დეტალური შესწავლის და, საბოლოო ჯამში, ერთობლივი გადაწყვეტილებების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური დელეგაციების ვიზიტი იგეგმება.

„უახლოეს მომავალში საქართველოში სამუშაო ჯგუფებს ველოდებით სხვადასხვა კომპანიიდან და სექტორიდან, რათა სამუშაო პროცესი უკვე ადგილზე გავაგრძელოთ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.