საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.
ფულის გათეთრების მიზნით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა მათი გარემოცვის წევრები შენიღბული ფინანსური ოპერაციების განხორციელებაზე დაიყოლიეს და კანონიერი წარმომავლობის არმქონე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული დანაწევრებით შეატანინეს საბანკო ანგარიშებზე. ასევე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დავალებით, მათთან დაკავშირებულ პირებს ძმების გადაცემული თანხები შეჰქონდათ პირად საბანკო ანგარიშებზე და შემდეგ მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციებით რიცხავდნენ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე.
აღნიშნული გზით 2020-2026 წლებში დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული, დაახლოებით 10 მილიონის ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა განიკარგა ბრალდებულების პირადი საჭიროებისამებრ – მოხმარდა საბანკო ვალდებულებების დაფარვას, ასევე მათი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენას.
დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


