თორნიკე ჭეიშვილი ევროპის მიერ რუსეთისგან ენერგორესურსების ყიდვაზე: „ასეულობით მილიარდი ევროა გადარიცხული ევროკავშირიდან რუსეთის ფედერაციისთვის და ამ დროს ჩვენ უტიფრად გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ამით ფაქტობრივად ჩვენი ეკონომიკა უნდა ჩამოგვექცია. აი, ეს არის მათი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი“
„ასეულობით მილიარდი ევროა გადარიცხული ევროკავშირიდან რუსეთის ფედერაციისთვის და ამ დროს ჩვენ უტიფრად გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ამით ფაქტობრივად ჩვენი ეკონომიკა უნდა ჩამოგვექცია. აი, ეს არის მათი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი“ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა ევროპის მიერ რუსეთისგან ენერგორესურსების ყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც გუშინ და დღეს გაისმა – გარკვეული ბრალდებები და ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ შეერთებულ შტატებს აკრიტიკებენ რუსეთთან მიღწეული შეთანხმების გამო, რომელიც დიზელის შესყიდვას შეეხება. ამ დროს პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ 2022 წლიდან ასეულობით მილიარდი ევრო იქნა გადარიცხული ევროკავშირიდან რუსეთის ფედერაციისთვის, სწორედაც რომ ენერგორესურსების მიღების მიზნით. ესე იგი, უკრაინის ბიუჯეტზე სამჯერ და მეტჯერ დიდი ოდენობის თანხაზეა საუბარი, რომელიც ომის დაწყებიდან იქნა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის გადარიცხული.
ამ დროს ჩვენ უტიფრად გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ამით ფაქტობრივად ჩამოგვექცია ჩვენი ეკონომიკა და სტაგნაცია, რეგრესი და მძიმე ფონი გვქონოდა ქვეყანაში. აი, ეს არის მათი მიდგომა და ორმაგი სტანდარტი.
მაგრამ ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ისაა, რომ გულშემატკივრები ამ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ და მავნებლურ განცხადებებსა და საქმიანობაში მათ აქ, ადგილზე ჰყავთ. ისინი პირდაპირ ელოდებიან, როდის გაკეთდება მომდევნო კრიტიკული და ამავდროულად აბსურდული განცხადება, როდის იქნება ახალი სანქცია მოფიქრებული ჩვენი ქვეყნის თუ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამას პირდაპირ შეიძლება ეწოდოს ის, რომ ესენი არიან 30 ევროცენტზე სულგაყიდული აგენტები, რომლებიც არად დაგიდევენ ეროვნულ ინტერესებს და არიან ვასალურ დამოკიდებულებაში ბრიუსელთან და ევრობიუროკრატიასთან. ამას სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


