თორნიკე ჭეიშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიერ ბრალის აღიარებაზე: „რადიკალები ახლა ძალიან იმედგაცრუებულები და ამავდროულად გაბრაზებულები არიან, რადგან თვალსა და ხელს შუა გამოეცალათ ყალბი ნარატივის აგების შესაძლებლობა, თითქოს პოლიტიკური ნიშნით ვინმე არის გასამართლებული“
„რადიკალები ახლა ძალიან იმედგაცრუებულები და ამავდროულად გაბრაზებულები არიან, რადგან თვალსა და ხელს შუა გამოეცალათ ყალბი ნარატივის აგების შესაძლებლობა, თითქოს პოლიტიკური ნიშნით ვინმე არის გასამართლებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიერ ბრალის აღიარებაზე საუბრისას განაცხადა.
„რადიკალები ახლა ძალიან იმედგაცრუებულები და ამავდროულად გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ თვალსა და ხელს შუა გამოეცალათ ყალბი ნარატივის აგების შესაძლებლობა, თითქოს პოლიტიკური ნიშნით ვინმე არის გასამართლებული. ათასგვარი ტერმინი მოიგონეს და ხდებოდა ე.წ. იარლიყების მიწებება – ვითომ „სინდისის პატიმრებად“ ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებად მონათვლა. აი, ეს სიყალბე კიდევ ერთხელ გამოჟონა, როდესაც შესაბამისი აღიარებითი ჩვენებები გაკეთდა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე არამარტო მონაწილეები, არამედ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები გამოდიან და ამბობენ: დიახ, ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაულებრივი ქმედებაო. ამას აღიარებენ და ინანიებენ, რაც შემდგომში მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი ხდება. რასაკვირველია, იქნებიან ეს ადგილობრივი აგენტურა თუ მათი გარე კურატორები, ამის გამო გაწბილებულები და იმედგაცრუებულები არიან.
ასე რომ, არ უნდა გვიკვირდეს მათი გაღიზიანება და სხვადასხვა ტიპის ამორალური განცხადებები, რადგან ასეთია აგენტების, უსამშობლოთა დაჯგუფებების ხვედრი – ისინი ახლა უკვე პირდაპირ არიან ერთგვარ კორელაციაში იმ გარე აქტორებთან, რომლებიც აქ უბრალოდ დავალებებს აძლევენ და ეს დავალებები გასაგებია, რისკენაც არის ორიენტირებული“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.


