საზოგადოება

ნოდარ კაპანაძე: „დღევანდელ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა სრულიად უპერსპექტივოა. ჩვენ მათ სუფრაზე მენიუში ვართ, ოფიციანტადაც კი არ ვართ მიწვეული – ეს უნდა ვიცოდეთ“

„დღევანდელ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა სრულიად უპერსპექტივოა. ჩვენ მათ სუფრაზე მენიუში ვართ, ოფიციანტადაც კი არ ვართ მიწვეული – ეს უნდა ვიცოდეთ“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა და ექსპერტმა, ნოდარ კაპანაძემ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

„ევროპის ქვეყნებთან – სათითაოდ ყველასთან – ურთიერთობა, რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭიროცაა, თუმცა საკითხავია დღევანდელ ევროკავშირთან – რომლის საფუძველიც 1951 წელს შექმნილი ფოლადისა და ქვანახშირის ევროპული გაერთიანებაა და რომელიც შემდგომ თანდათან გაიზარდა, ხოლო 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულების შემდეგ უკვე ევროკავშირად ჩამოყალიბდა – აი, ამ გაერთიანებასთან ჩვენი ურთიერთობა რამდენად პერსპექტიულია? მე ამაზე ცალსახა დასკვნა მაქვს, რომ სრულიად უპერსპექტივოა. ჩვენ ამ სუფრაზე მენიუში ვართ, ოფიციანტადაც კი არ ვართ მიწვეული – ეს უნდა ვიცოდეთ.

რაც შეეხება თვითონ ევროკავშირის იდეას, ეს იდეა ახალი არ არის. ევროკავშირის დღევანდელი ვერსია მე-5 ინტეგრაციაა. პირველი იყო კარლოს დიდის იმპერია, მეორე – გერმანელი ერის საღმთო იმპერია, მესამე – ნაპოლეონი, მეოთხე იყო ჰიტლერის „მესამე რეიხი“, ხოლო დღევანდელი – მეხუთე ინტეგრაციაა. ყველა მათგანის იდეა იყო „Drang nach Osten“ (შემტევი პოლიტიკა აღმოსავლეთის მიმართულებით) და აი, ამ „Drang nach Osten“-ის, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზი ვართ ჩვენ“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.