საზოგადოება

ნოდარ კაპანაძე ამერიკის შუალედურ არჩევნებზე: „ამ არჩევნებზე არაფერი ახალი არ მომხდარა – ისტორიაში თითქმის ყოველთვის ასე იყო – საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდში, შუალედურ არჩევნებზე პრეზიდენტების დიდი უმრავლესობა მარცხდებოდა ხოლმე. ტრამპი არსად მიდის, ის 2028 წლამდე პრეზიდენტი იქნება“

„ამ არჩევნებზე არაფერი ახალი არ მომხდარა – ისტორიაში თითქმის ყოველთვის ასე იყო – საპრეზიდენტო ვადის შუა პერიოდში, შუალედურ არჩევნებზე პრეზიდენტების დიდი უმრავლესობა მარცხდებოდა ხოლმე“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა და ექსპერტმა, ნოდარ კაპანაძემნ ამერიკის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება დემოკრატების განმარჯვებას, პრინციპში, დონალდ ტრამპი არსად მიდის, ის 2028 წლამდე პრეზიდენტი იქნება. ხელის შეშლას აუცილებლად შეეცდებიან მისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის „ერთსართულიანი ამერიკა“, რომელმაც დონალდ ტრამპი აირჩია, სადმე წავიდა. არც ის იდეა წასულა სადმე, რომლის გამოც ტრამპი აირჩიეს.

ახლა ამბობენ, რომ ირანში წააგო ტრამპმა. რა წააგო ტრამპმა ირანში, მაინტერესებს – დაიბომბა ლოს-ანჯელესი? დაიბომბა ნიუ-იორკი? დაიბომბა სან-ფრანცისკო? არა! სამაგიეროდ, ყურის ქვეყნებში თუ რაიმე კაპიტალი იყო, ყველა გაიქცა იქ, სადაც სიმშვიდეა – ამერიკაში და არავითარ შემთხვევაში ევროპაში, სადაც გამოსვლები და დემონსტრაციებია.

როგორ გახდა ამერიკა „Great Again“? ორი მსოფლიო ომის შედეგად. როგორ მოხვდნენ ამერიკაში ნიკოლა ტესლა, ალბერტ აინშტაინი, ნილს ბორი, კიური და ა.შ.? მთავარი არის ტვინებისა და რეალური კაპიტალის წაღება, სხვადასხვა ქვეყნების გამოშრობა და მათი თავმოყრა ამერიკაში, რასაც დონალდ ტრამპი წარმატებით ართმევდა თავს.

ამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „აუდის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გამოვიდა და თქვა, რომ ამერიკაში უნდა აშენდეს „აუდის“ ქარხანა, ანუ უნდა გადმოვიტანოთ „აუდის“ წარმოება გერმანიიდან ამერიკაშიო. შესაბამისად, სრულდება ლორდ პალმერსტონის დანაპირები – გერმანული ტექნოლოგიები და რუსული რესურსები ერთმანეთს შორდება და საბოლოო იდეაც სწორედ ეს არის – ამას ტრამპი და „ერთსართულიანი ამერიკა“ ძალიან კარგად ხედავენ“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.