მამუკა მდინარაძე ოპოზიციის შესახებ: „სპეკულაცია რომ ვერ მოეხერხებინათ, კანონპროექტი მათ გამზადებული სახით არ შევთავაზეთ – თუკი ვინმე ამბობს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს პროპაგანდის პრევენციას, მაშინ ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს“

151

„თუკი ვინმე ამბობს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს პროპაგანდის პრევენციას, მაშინ ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს. როდესაც ისინი [ოპოზიციონერები] სხვადასხვა საკითხს სპეკულაციურად უკავშირებენ ამ თემებს, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ პრინციპული პოზიციაა დასაფიქსირებელი, რა წინადადებები აქვთ – რით შეიძლება ეს პროპაგანდა დავაზღვიოთ და პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.

“მათ [ოპოზიციას] რომ რაღაცების სპეკულაცია ვერ მოეხერხებინათ, ჩვენ ხომ კანონპროექტი გამზადებული სახით არ შევთავაზეთ მათ? – მობრძანდით და თქვენ დაწერეთ ნორმა, პრევენცია რით მოვახდინოთ. იქნებ, მისაღებია? იქნებ, ეს ნორმა უზრუნველყოფს ყველა სტანდარტის დაცვით, კონსტიტუციის მე-2 თავის ყველა პუნქტის, ყველა პრინციპის დაცვით პროპაგანდის პრევენციას? რას არ დაუჭერენ მხარს? ვეუბნებით: აბა, მოიტანეთ თქვენი წინადადებები, როგორ გადავარჩინოთ ქართული საზოგადოება ამ მავნე ზეგავლენისგან; ჩვენი მომავალი თაობები როგორ დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან. უფლებების დაცვის კონტექსტში არ ვეხებით არაფერს. კი არ მოაქვთ საკითხები და კი არ გვთავაზობენ რამეს, არამედ პირდაპირ გვემიჯნებიან – ეს ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დგომას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.