სუს-ი: “საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი”

28

„საანგარიშო პერიოდში დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე აუდიტორიას საქართველოს ახალგაზრდობა წარმოადგენდა. ასევე, გავლენის ობიექტად სახელდება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

უწყების შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში შენარჩუნებული იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების ზრდის ტენდენცია.

ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან ერთად, კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო და რეგიონული ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევებში პროპაგანდისტული ნარატივები, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე მის ფარგლებს გარედან მომდინარე, ერთი მხრივ პოლიტიკურ მოტივაციას ატარებდა, თუმცა, მეორე მხრივ, ხელს უწყობდა საზოგადოების პოლარიზაციას, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და უკმაყოფილების ზრდას. ასევე, ასეთი კამპანიები ახალისებდა კონსტიტუციური წყობილებისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობებს და აზიანებდა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან გავრცელებულმა დეზინფორმაციულმა და ორმაგი სტანდარტების შემცველმა საინფორმაციო კამპანიებმა ხელი შეუწყო როგორც საქართველოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებს, ეწარმოებინათ ეფექტიანი ანტიდასავლური პროპაგანდა და საზოგადოების ნაწილში გაეძლიერებინათ ნიჰილიზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ.

ამ კონტექსტში, 2025 წელს გამორჩეული იყო ბრიტანული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული საგამოძიებო სიუჟეტი, რომელიც, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად იქცა და ქვეყანაში უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეეძლო. უწყების განცხადებით, სახელმწიფოს დროული რეაგირების – საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და საზოგადოების პროაქტიული ინფორმირების – შედეგად, აღნიშნული სიუჟეტის ნეგატიური გავლენა თავიდან იქნა აცილებული.