დავით ქართველიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: „თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს გაერთიანება ემსახურებოდა საკონსტიტუციო სარჩელისთვის თავის არიდებას და საერთაშორისო ასპარეზზე ისე წარმოჩენას, თითქოს „ახალი პოლიტიკური ძალა“ შეიქმნა“

17

„თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს გაერთიანება ემსახურებოდა საკონსტიტუციო სარჩელისთვის თავის არიდებას და საერთაშორისო ასპარეზზე ისე წარმოჩენას, თითქოს „ახალი პოლიტიკური ძალა“ შეიქმნა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას განაცხადა

„ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ ამ ე.წ. ალიანსში და „ნაცსექტის“ მორიგ გაერთიანებაში, არის ბრძოლა წესების გარეშე – ხშირად გენდერული ნიშნითაც. ქალები ერთმანეთს უპირისპირდებიან, შემდეგ უკვე პროცესში ერთვება მამაკაცთა პაექრობაც: სააკაშვილი ჯერ ნოდიას მიმართავს კრიტიკით, ის პასუხობს, შემდეგ გვარამია აკეთებს კომენტარს და მათ თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ასე შემდეგ.

როგორ შეიძლება თავი შეიკავონ ადამიანებმა, რომელთაც ერთმანეთის მიმართ აშკარა აუტანლობა და ფიზიკური ზიზღი აქვთ? თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით ქართველი ამომრჩევლის გულებს მოიპოვებენ 2028 წლის არჩევნებისთვის, ცდებიან – დიდი ალბათობით, შესაძლოა 2027 წლის დადგომასაც კი ვერ მიაღწიოს ამ ალიანსმა. მთავარია, იქამდე ერთმანეთს ფიზიკურად არ დაუპირისპირდნენ და ისევ ჩვენი გასაშველებლები არ გახდნენ.

თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ახალი ალიანსი ემსახურებოდა საკონსტიტუციო სარჩელისთვის თავის არიდებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, თითქოს ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნა და ამ გზით თავი დაეღწიათ პასუხისმგებლობისგან“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.