„დღეს მესამე მოსმენით მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც კონკრეტულად ეხება ვიცე-პრემიერისა და, ამავდროულად, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელზეც მამუკა მდინარაძე დაინიშნა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჭეიშვილმა ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„კარგად გვახსოვს, რა სამუშაოები გასწია მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი წლების განმავლობაში იყო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის წევრი და არაერთხელ აღუნიშნავს, რამდენად რთული იყო მისთვის ამ პოზიციებიდან წასვლა და, ასე ვთქვათ, „ჩრდილში გადასვლა“, როდესაც ვერ აკეთებ საჯარო განცხადებებს და ვერ ხარ იმდენად პოლიტიკურად აქტიური. იგი აღნიშნავდა, რომ ამ უწყებაში დროებით მიდიოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდებოდა, რაც მართლაც მოხდა.
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის პერიოდში მან ნათლად დაგვანახა, რას ნიშნავს რეალურად კორუფციასთან ბრძოლა, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებშიც მისი ხელმძღვანელობის დროს მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული.
მე ვფიქრობ, მისი მიღწევებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი იმსახურებდა დაწინაურებას და შეიქმნა კიდეც სახელმწიფო მინისტრის პორტფელი, რომელსაც საკუთარი აპარატიც ჰყავს. სახელმწიფო მინისტრის არსებობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას სრულფასოვანი სამინისტრო. დარწმუნებული ვარ, ბატონი მამუკა მდინარაძე სადაც არ უნდა იყოს, ყველგან წარმატებული იქნება, ისევე როგორც ის უწყება, რომელსაც უხელმძღვანელებს
მიუხედავად ამისა, ამ თემით მანიპულირებენ „აკაცუკები“ და ცდილობენ, დააკნინონ ყველაფერი კარგი, რაც ამ ქვეყანაში კეთდება, ასევე ჩრდილი მიაყენონ „ქართული ოცნების“ ლიდერების რეპუტაციას. მამუკა მდინარაძე არ არის რიგითი ფიგურა – ის მათთვის განსაკუთრებული სამიზნეა. .
გეკა გელაძეც, სხვათა შორის, ძალიან წარმატებული მინისტრი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებით უხელმძღვანელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც.
ასევე, სულხან თამაზაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აჭარის მთავრობის მეთაური. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი. შინაგან საქმეთა მინისტრად მისი დანიშვნა შეიძლება ჩაითვალოს დაბრუნებად საკუთარ პროფესიასა და ძირითად საქმიანობაში. ეს ადამიანი იმსახურებდა წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამინისტრო მისი ხელმძღვანელობით წარმატებული იქნება“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.


