„ეს არის ადამიანი, რომელიც წლებია ჩვენს ქვეყანაში სიძულვილს თესავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს შორის დაპირისპირება გაღვივდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჭეიშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას განაცხადა.
„მისი განცხადებები და მოქმედებები ხელს უწყობს ქვეყანაში დაძაბულობისა და არეულობის გაღრმავებას, იქნება ეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები თუ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა.
როდესაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რატომღაც აღფოთდნენ რადიკალური ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები — თითქოს ევროკავშირის ელჩის დაბარება დაუშვებელი იყოს.
რატომ უნდა ჰქონდეს მას რაიმე განსაკუთრებული პრივილეგია? თუ სხვა ქვეყნების ელჩებს იბარებენ ან ჩვენი ქვეყნის ელჩები იბარებიან სხვა ქვეყნებში, რატომ უნდა იყოს ევროკავშირის ელჩი გამონაკლისი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება სიძულვილის შემცველ განცხადებებს და მათზე კითხვების დასმას?
აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების გაუარესება, მხოლოდ ჰერჩინსკის პასუხისმგებლობა არ არის, ეს ბრიუსელიდანაც მომდინარეობს. იგივე აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმაც, რომ გარკვეულ შემთხვევებში პროცესები სწორედ ბრიუსელის დირექტივების გავლენით ვითარდება“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.


