„ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე ევროკავშირისკენ არცერთი ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ, რადგან თუ არ გვექნება დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ჩვენთვის ეს გზა აზრს კარგავს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
„2030 წლისთვის ვიქნებით მზად — შესრულებული გვექნება ყველა პუნქტი, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება თუ სხვა აქამდე არსებული დათქმები. ამასთან დაკავშირებით განცხადებები არაერთხელ გააკეთეს როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ასევე ჩვენმა გუნდმა და ჩვენ ამ მიმართულებას მივყვებით. დანარჩენი მათზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ საკუთარ ვალდებულებას შევასრულებთ როგორც დავპირდით ჩვენს მოსახლეობას.
ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ, მაგრამ ჩვენი წეს-ჩვეულებებით, ტრადიციებით, ღირებულებებითა და ეროვნულობით. ამ ფასეულობების შელახვის ხარჯზე ჩვენ არაფერი გვინდა და არც არასდროს ვიქნებით ვინმეს მარიონეტები. ბრიუსელის მხრიდან თითის ქნევითა და ხელების გადაგრეხვით ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის გატარებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.


