ნანა კაკაბაძე: “როცა დასავლელ ლიდერებს პირადი ინტერესებისთვის დასჭირდათ, ძალადობა და ძალადობის მოწოდებებიც გაამართლეს და „დემოკრატიული პროტესტის“ ნაწილად შერაცხეს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ქართული ტელეკომპანიების აკრძალვაც კი მოითხოვეს”

11

“ნეოფაშიზმი დემოკრატიის საფარქვეშ. საყოველთაოდაა ცნობილი – როგორც ფაშისტური, ისე კომუნისტური იდეოლოგიების ბაცილა ევროპიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში და გახდა ტოტალიტალური რეჟიმების საფუძველი”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა ნეიტრალიტეტის” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

“კომუნისტური რეჟიმის „სიკეთეები“ ჩვენ და ჩვენი წინაპრების ორმა თუ სამმა თაობამ პირადად ვიხილეთ და მტკივნეულად გადავიტანეთ.

ფაშისტური რეჟიმი, მართალია, უფრო ხანმოკლე გამოდგა, გეოგრაფიულადაც შედარებით ნაკლებ არეალში გავრცელდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ფაშიზმი გაცილებით სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაგან ამ იდეოლოგიის ქადაგება დანაშაულად არის მიჩნეული, დღესაც სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ დიდი დოზით არსებობენ ფაშისტური იდეოლოგიის მიმდევარი დაჯგუფებები.

მართალია, ოფიციალურად, ეს დაჯგუფებები ხელისუფლებაში მოსვლაა ვერ ახერხებენ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფი ძალების არაერთი წარმომადგენელი, სიტყვით თუ საქმით, ფაქტობრივად, ავითარებს ფაშისტურ იდეოლოგიას.

ფაშიზმისათვის დამახასიათებელ ძირითად ელემენტებს (ავტორიტარიზმს, დემოკრატიის უარყოფას, ზღვარგადასულ ნაციონალიზმს, ოპოზიციის ჩახშობას, პროპაგანდასა და კონტროლს) შორის ხან ერთი წამოყოფს ხოლმე თავს და ხან მეორე.

თუ პირველი ორის ღიად წარმოჩენა საზოგადოებაში საშიშია და ამას ყველა ერიდება, ბოლო სამი ელემენტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება „დემოკრატიითა“ და „ადამიანის უფლებებით“ შეფუთულ ნეოფაშისტებში.

გამოდის, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლება იდეოლოგიურ კლიშეებს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.

შორს რომ არ წავიდეთ მაგალითების საძებნად, ამის საილუსტრაციოდ დასავლელი ლიდერების მიერ საქართველოსთან მიმართებით წარმოებული პოლიტიკაც საკმარისია.

როცა დასავლელ ლიდერებს პირადი ინტერესებისთვის დასჭირდათ, ძალადობა და ძალადობის მოწოდებებიც გაამართლეს და „დემოკრატიული პროტესტის“ ნაწილად შერაცხეს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ქართული ტელეკომპანიების აკრძალვაც კი მოითხოვეს იმ საბაბით, რომ თურმე ისინი ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდას აწარმოებენ და თანაც უკრაინას ხელს უშლიან რუსეთზე გამარჯვებაში.

ჯერ ერთი, ქართულენოვანმა ტელევიზიებმა რა გავლენა უნდა მოახდინონ უკრაინულ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ თუ ინგლისურ ტელემაყურებლებზე, და მეორეც: ვთქვათ, მართლაც ანტიევროპულად აღიქვამს მავანი ამ ტელევიზიების მუშაობას… სხვას კი არაფერს აკეთებდნენ ტოტალიტალური რეჟიმები, როდესაც რეპრესიებს ახორციელებდნენ ოპონენტების მიმართ და კრძალავდნენ იმ იდეოლოგიის გავრცელებას, რომელიც მათ “სიმართლესა” და “სიწმინდეში” ეჭვს შეიტანდა.

კომუნისტებს სპეციალური მუხლიც ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსში („ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა“), რომლითაც ე. წ. სხვაგვარად მოაზროვნეებს ასამართლებდნენ.

რა თქმა უნდა, მსგავსი შინაარსის კანონმდებლობა ჰქონდათ ფაშისტებსაც.

დღესაც მათთვის მიუღებელ ქართულ ტელევიზიებს „პროპაგანდისტულს“ ეძახიან და ამ საფუძვლით მოითხოვენ მათ სანქცირებას თუ აკრძალვას.

მაშ, რით განსხვავდებიან „დემოკრატების“ ქურქში გახვეული დღევანდელი პოლიტიკოსები ფაშისტებისგან?

ყველამ ვიცით, რომ ფაშისტები არიული რასის უპირატესობას ქადაგებდნენ და ზემოდან უყურებდნენ სხვა ერების წარმომადგენლებს, ხოლო ებრაელებს პირდაპირ ანადგურებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში.

ყველას კარგად გვახსოვს მაღალჩინოსანი ევრობიუროკრატის, ჯოზეფ ბორელის ცნობილი გამოთქმა – „ევროპა სამოთხის ბაღია, ხოლო მის გარეთ სივრცე – ჯუნგლები“.

განა ფაშისტებისგან ძალიან შორს არიან წასულები ეს კაცი და მისი თანამოაზრე „დემოკრატები“?

თანამედროვე “დემოკრატების” მხრიდან ფაშისტურ-ბოლშევიკური მიდგომებია გამოხატული სხვადასხვა ქვეყნის არჩევნების მიმართ დამოკიდებულებაში.

მათ შეუძლიათ პირდაპირ გაუუქმონ მოგებული არჩევნები მათთვის მიუღებელ პირს (მაგალითად, რუმინეთში), ხელოვნურად გაამარჯვებინონ თავის ფავორიტს (მოლდოვაში) და საერთოდ უგულებელყონ და არ ცნონ ხალხის არჩევანი, როგორც ეს ხდება საქართველოს მიმართ.

განსაკუთრებით დაემსგავსნენ ფაშისტებს თანამედროვე „დემოკრატები“ ზოგიერთ ერებთან მიმართებით.

მაგალითად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომის გამო ისინი არა იმდენად რუსულ პოლიტიკას, რამდენადაც რუს ერს უპირისპირდებიან.

შორს რომ არ წავიდეთ, მათი სულიერი შვილები, ქართველი „პროევროპელი დემოკრატები“ ისე ხმარობენ სალანძღავ სიტყვას „რუსს“, როგორც ფაშისტურ გერმანიაში ხმარობდნენ სიტყვა „ებრაელს“.

სხვათა შორის, ევროპის დღესთან დაკავშირებით, დღევანდელი ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ევროპული ღირებულებების დევალვაციაზე ვრცლად და არგუმენტირებულად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მართალია, მას ისინი ფაშისტებისთვის არ შეუდარებია, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, ბევრ საკითხში მათი იდეებისა და ქმედებების სიახლოვე ზოგჯერ ფაშიზმის იდენტურია”, – წერს ნანა კაკაბაძე.