საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ლიდერთა პანელურ დისკუსიაში თემაზე – “მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა”

24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ლიდერთა პანელურ დისკუსიაში თემაზე – „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა”.

“მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა დიალოგის, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის აღდგენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე – სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე და აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას ეს საერთო მიზანი გვაქვს. ამავდროულად ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია.

გარკვეული წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები – ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება. როცა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას, თუმცა ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში.

ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ. საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად. არსებულ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისის შეთავაზება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის და ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად.

„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და, ზოგადად, პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 პროცენტს შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში.

ეს არის ჩვენი ხედვა – მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არამარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიის რეგიონში – ხელს შევუწყობთ მშვიდობას.

ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ”, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ლიდერთა პანელური დისკუსიისას ასევე ყურადღება გაამახვილა ლიდერობის სიმწირეზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა.

„არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტის კადრების უფროსს მცდარი განზრახვა ამოძრავებს ლიდერებად სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანის შერჩევისას. არადა, უნდა არსებობდეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც სახელმწიფოებში ლიდერების შერჩევაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც ვხედავთ სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემი ბავშვობის პერიოდში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა. დეტალებში არ შევალ და სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ მსოფლიოს ჰყავდა დიდებული ლიდერები, ხოლო ახლა სიტუაცია ბევრად განსხვავებულია. სავარაუდოდ, ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას. რაც შეეხება ლიდერების როლსა და ფუნქციას, ყველაზე პოზიტიური, რაც მათ შეუძლიათ, არის დიალოგის, თანამშრომლობის, დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე აქცენტირება. ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ასეთია საქართველოს მიდგომა. ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ არაფორმალურ გავლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მაგალითზე მსგავსი გავლენები თვალსაჩინოა.

„კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის „კარგი” მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით – ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში – გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს. ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი”, „ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი”. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩაბარდა წარსულს. ამაზე ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს. ნამდვილად მნიშვნელოვანია მრავალეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოხდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დასაბრუნებლად. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დიპლომატიის როლს და საქართველოს მრავალსაუკუნოვან დიპლომატიურ გამოცდილებაზე ისაუბრა.

„საქართველო 23 საუკუნისაა, შესაბამისად, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია. ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარედინზე გვიწევდა არსებობა. მრავალი ასეთი იმპერია დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია. ამიტომ ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან – წინა საუკუნეების 90-იანი წლებიდან, ბევრი შეცდომაც დავუშვით, რადგან საქართველო მაშინ ალბათ საკმარისად დიპლომატიური ან პრაგმატული არ იყო. სავარაუდოდ, ეს იყო შეცდომების მიზეზი. თუმცა ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ აქედან და კვლავ ვისწავლეთ დიპლომატიურობა და პრაგმატულობა. სწორედ ასე ვახერხებთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიღებული გამოცდილებაც არის იმის მიზეზი, რომ გვჯერა დიპლომატიის და მისი მნიშვნელობის. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს. ყველა სახელმწიფო ყურადღებას უნდა ამახვილებდეს დიპლომატიური გამოსავლის ძიებაზე პრობლემების გადაჭრისას და სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსოფლიოში დღეს არსებული ვითარება აჩვენებს, რომ უხეში პოლიტიკური ინტერესები დიპლომატიაზე ძლიერია, რაც უნდა შეიცვალოს.

„კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რაც ასე უკავშირდება დიპლომატიის არსს. თუ მსოფლიოს მასშტაბით ვერ მოვახერხებთ წესებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაბრუნებას, დიპლომატია ვერასოდეს აღმოჩნდება უხეშ პოლიტიკურ ინტერესებზე უპირატესი. ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუ ჯანსაღი ეკონომიკური კავშირები და ინტერესები გადაწონის უხეშ პოლიტიკურ ინტერესებს, დიპლომატიის როლი ბევრად უფრო ძლიერი იქნება მსოფლიოში. სამხრეთ კავკასია ამის ძალიან კარგი მაგალითია: რეგიონს ბევრი, სპეციფიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ – სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა – ვკონცენტრირდით დიპლომატიურ გამოსავალზე, პრაგმატულ გადაწყვეტებზე, დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაზე. ეს გვეხმარება რეგიონში არამხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებაში, არამედ ასევე ჩვენს სახელმწიფოებში კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

აღნიშნული მაგალითი ძალიან თვალსაჩინოა და მთელი მსოფლიო უნდა სარგებლობდეს ამ მაგალითით. უნდა ვაშენოთ ხიდები და არა დავწვათ. ეს უნდა იყოს საერთო მიდგომა და ამ შემთხვევაში დიპლომატიის როლი ბევრად უფრო გაძლიერდება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დისკუსიაში, რომლის მოდერატორი იყო თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა მონაწილეობდნენ”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.