„გემოვნებასა და ესთეტიკაზე თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, ეს ნამდვილად არის რობერტ სტურუა“ – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდარავამ რობერტ სტურუას “ვეფხისტყაოსნის“ შეფასებისას განაცხადა.
„პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ — რა არის ხელოვანი, როგორ ფლობს იგი ნაწარმოებს და რა ინტერპრეტაციას სთავაზობს მაყურებელს. ჩვენ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიცნობთ „ვეფხისტყაოსანს“. სცენა იხსნება ფრაზით — „იყო არაბეთს როსტევან…“ და ეს სიტყვები მაშინვე გვახსენებს იმას, რომ მოქმედება არაბეთში ვითარდება. არადა საქართველოში ისეთი წარმოდგენაა შექმნილი, რომ ეს არის წმინდა წიგნი. სინამდვილეში ეს არის უმაღლესი დონის ნაწარმოები, რომელიც მსოფლიო კლასიკას ეკუთვნის, ჰომეროსის, დანტესა და სერვანტესის გვერდით.
სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხელოვნებაში მოღვაწე ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ეს ნაწარმოები სხვადასხვა კუთხით დაინახოს და საკუთარი ხედვა შემოგვთავაზოს.
თეატრი ზოგადად ძალიან სპეციფიკური ხელოვნებაა და განსაკუთრებული სივრცეა. ისტორიულადაც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ის, რისი თქმა სხვაგან შეუძლებელი იყო, სცენაზე გაჟღერებულიყო. ამიტომ თეატრში გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის მაღალი ხარისხის უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრზე.
შეიძლება ვიღაცას მოეწონა ეს დადგმა, ვიღაცას — არა. ეს სრულიად ბუნებრივია და ნებისმიერი ხელოვნების ნაწარმოების თანმდევია. თუმცა, მინიმუმ, უნდა ნახო, რომ შეძლო შეფასება და მსჯელობა.
და ბოლოს — გემოვნებასა და ესთეტიკაზე თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, ეს ნამდვილად არის რობერტ სტურუა“, – განაცხადა გოგა ხაინდარავამ.


