ეკა სეფაშვილი ერევანში მიმდინარე სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: „ეს სამიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ლიდერებს პირადად წარუდგინოს ის პოზიცია და არგუმენტები, რომლებიც საქართველოში არსებულ რეალურ მდგომარეობას ასახავს“

18

„ეს სამიტი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ლიდერებს პირადად წარუდგინოს ის პოზიცია და არგუმენტები, რომლებიც საქართველოში არსებულ რეალურ მდგომარეობას ასახავს“ — განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე საუბრისას.

„ეს სამიტი თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე მერვედ იმართება და მასში ევროპული ქვეყნების ლიდერები მსჯელობენ მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე. ნიშანდობლივია, რომ ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაეთმო, თუმცა აქტიურად იყო განხილული უსაფრთხოების სხვა საკითხებიც — მათ შორის ეკონომიკური და ზოგადი უსაფრთხოება.

საქართველო, რა თქმა უნდა, ამ სამიტის მონაწილე იქნებოდა, რადგან ის წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ფართო რეგიონს — კავკასიისა და ცენტრალური აზიის შვიდ ქვეყანას — შავ ზღვასთან აკავშირებს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შავ ზღვასთან კავშირი ევროკავშირთან დაკავშირებასაც ნიშნავს. ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროპისთვისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები ნავთობით მდიდარი სახელმწიფოებია, ასევე კავკასიის რეგიონიც — პირველ რიგში აზერბაიჯანი — და სწორედ საქართველოს გავლით ხდება ამ ქვეყნების ევროპასთან დაკავშირება ყველაზე მოკლე გზით, შავი ზღვის მეშვეობით, ნიშანდობლივია, რომ საქართველომ ევროპას შესთავაზა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის მიწოდებას საქართველოს ტერიტორიიდან, რაც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების — მათ შორის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის — საქართველოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებისა და მათი პოლიტიკურად არასამართლიანი დამოკიდებულებისა, ევროკომისია იძულებული გახდა ამ პროექტისთვის ორმხრივი მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭებინა. ეს ნიშნავს, რომ პროექტი გამარტივებული პროცედურებით გაივლის ყველა საჭირო ბიუროკრატიულ ეტაპს ევროკავშირში მისი ამოქმედებისთვის.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი ენერგეტიკული საკითხებით სერიოზულად არის დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტრიბუნიდან ხშირად ისმის ბრალდებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პრაგმატული თვალსაზრისით საქართველო ისევე სჭირდება ევროპას, როგორც ევროპა გვჭირდება ჩვენ. ჩვენ ვართ ერთიანი ეკონომიკური სივრცის ნაწილი და ამ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი, როგორც საქართველოსთვის, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვისაც, სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ ამას უკავშირდება აღნიშნული პროექტიც და მისთვის მინიჭებული გამარტივებული სტატუსი.

გარდა ამისა, სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც მედიაში თუ სხვადასხვა პოლიტიკური ტრიბუნიდან ხშირად ვრცელდება კრიტიკული, არასამართლიანი და დეზინფორმაციის შემცველი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, პრემიერ-მინისტრს ეძლევა შესაძლებლობა, პირადად წარადგინოს პოზიცია და არგუმენტები, რომლებიც საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებას ასახავს.

ერთი მხრივ არის ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა წყაროდან ვრცელდება, ხოლო მეორე მხრივ არსებობს რეალური ფაქტები, ციფრები და ბოლოდროინდელი განვითარება, რაც საქართველოში არსებობს და რაც ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობის გარანტიას ქმნის“, — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.