„ევროპარლამენტმა, სამწუხაროდ, დაკარგა ის ნდობა და ის რეპუტაცია, რაც მას, როგორც ევროპულ ინსტიტუციას, გააჩნდა და გარკვეული გლობალური ძალების ხელში ერთგვარ პოლიტიკურ სათამაშოდ გადაიქცა“ – ეკა სეფაშვილი

18

„ევროპარლამენტმა, სამწუხაროდ, დაკარგა ის ნდობა და ის რეპუტაცია, რაც მას, როგორც ევროპულ ინსტიტუციას, გააჩნდა. ის გადაიქცა ერთგვარ პოლიტიკურ სათამაშოდ გარკვეული გლობალური ძალების ხელში და ფაქტობრივად იწერება ისეთი რეზოლუციები, რომლებიც ამ კონკრეტული დაჯგუფებების ინტერესებს ასახავს და რომლებიც არაფრად დაგიდევენ არც პოლიტიკურ კორექტულობას და არც შორსმიმავალ ეკონომიკურ ინტერესებს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„მე მოვისმინე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის განცხადება, რომელმაც განაცხადა რომ ევროპარლამენტმა, თუ არ ვცდები, უკვე 14 ტყუილებით სავსე რეზოლუცია მიიღო, დაახლოებით 10 მსგავსი რეზოლუცია აქვს მიღებული ევროკავშირს საქართველოს წინააღმდეგ. ახლა რა გამოდის – ფაქტობრივად ხორციელდება საერთაშორისო ტიპის ზეწოლა საქართველოზე და აზერბაიჯანზე. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ ვჯდებით იმ პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც მათ მიერ არის შექმნილი და ჩაფიქრებული, და სწორედ ამიტომ ხდება ჩვენზე ზეწოლა.

რეალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, ვნახავთ შემდეგს: საქართველოსთან ევროკავშირმა თავად შეაჩერა დიალოგი და საპარლამენტო კომიტეტებს შორის დიალოგში საქართველო ევროკავშირის ინიციატივით აღარ მონაწილეობს, ხოლო აზერბაიჯანმა თვითონ დატოვა დიალოგის ეს ფორმატი.

ევრონესტთან დაკავშირებითაც, მოგეხსენებათ, ჩვენს მიმართ გავრცელდა საკმაოდ ნეგატიური რეზოლუცია, სადაც აბსოლუტურად დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი ფაქტები. აზერბაიჯანმა დატოვა ეს ორგანიზაცია.

ევროპის საბჭოც დატოვა აზერბაიჯანის დელეგაციამ, ხოლო ჩვენც დავტოვეთ ეს ორგანიზაცია მაშინ, როდესაც მოგვთხოვეს არჩევნების ხელახლა ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა და ეუთომ, არჩევნების შეფასების თვალსაზრისით ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამაც, ამ არჩევნების შესახებ დადებითი და პოზიტიური დასკვნა გამოაქვეყნა.

ანუ რა გამოდის — ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის პოლიტიკამ კავკასიაში მარცხი განიცადა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროკავშირი უნდა იყოს უპირველესად ღირებულებების, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური პროგრესის, სამართლიანობისა და ტოლერანტობის სივრცე. ასე იყო და ასე გვესახებოდა ის ახლო წარსულამდე, რის გამოც ქართველი ხალხი მისკენ მიისწრაფოდა. მაგრამ რა ხდება — ერთი მხრივ საუბრობენ დემოკრატიული ლოზუნგებით, ხოლო მეორე მხრივ თანმიმდევრულად ხურავენ დიალოგის არხებს სახელმწიფოებთან: აზერბაიჯანთან, საქართველოსთან. დარჩა სომხეთი და მივესალმები მის ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა სომხეთიც, როგორც ჩანს, გარკვეული ნაბიჯებისგან თავს იკავებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ფაშინიანის ერთ-ერთი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირში მაშინ გავწევრიანდებით, როდესაც ევროკავშირი ამისთვის მზად იქნებაო — ჩვენც ხომ დაახლოებით იგივე ვთქვით 2025 წელს, რასაც დიდი მღელვარება მოჰყვა.

თუ გახსოვთ, უკრაინასაც ჰპირდებოდნენ გაწევრიანებას — ხან დაჩქარებულად, ხან ურიგოდ და ასე შენდეგ — და ახლა უკვე თავად აცხადებენ, რომ ეს პროცესი ვერ განხორციელდება. ევროკავშირი პირველ რიგში შეიქმნა ეკონომიკური მიზნით — ეს არის ერთიანი ეკონომიკური ბაზარი თავისი წესებით. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების სივრცე, სადაც ვინმეს შეუძლია ერთ დღეში თქვას, რომ უკრაინა გახდება წევრი. პოლიტიკური სურვილების გარდა, ამას სჭირდება უზარმაზარი ფინანსური რესურსები, ინსტიტუციური მზადყოფნა და სისტემური მოწყობა, რათა სახელმწიფო ევროპულ სტანდარტებზე გადავიდეს — რასაც სხვათაშორის ჩვენ ახლა ვაკეთებთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.