„გარკვეულ უცხო ძალებს და მათ მიერ დაფინანსებულ რადიკალებს სურთ საქართველოში ისეთი მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს გარკვეული გლობალური ჯგუფების დავალებებს — ეს კი შეიძლება იყოს ომი, რევოლუციური პროცესები ან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული სხვა ნაბიჯები“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ სახელმწიფოსაც აქვს მოვალეობა, რომ ეს ყველაფერი გააკონტროლოს. აქ საუბარი არ არის რაიმეს აკრძალვაზე, არამედ კონტროლზე, რათა არ დაუშვას რევოლუციური მცდელობები. თორემ თუ ისინი მოიპოვებენ ხალხის ნდობას და დაარწმუნებენ საზოგადოებას თავიანთ სიმართლეში, რა თქმა უნდა, შეუძლიათ არჩევნების გზით მოვიდნენ. მაგრამ საქმე სწორედ იმაშია, რომ არჩევნების გზით და ხალხის დარწმუნების გზით ეს არ გამოსდით. ამიტომ ისინი ქმნიან სხვადასხვა ალიანსებს, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან, და საბოლოოდ გამოდის, რომ მათ პოლიტიკას წარმატება არ ექნება.
ჩვენ ვიხილეთ, როგორ ფინანსდებოდა 2024 წელს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან თუ ფონდებიდან მათი კამპანიები პირდაპირ უცხოური ძალების მიერ — ზოგჯერ სახელმწიფო ბიუჯეტებიდანაც კი, ზოგჯერ ევროპული ფონდებიდან, რაც ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით.
მარტა კოსი იყო კიდევ ერთი მსხვილი ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ უნდა მოინახოს გზები, რათა კანონებს გვერდი აუარონ და დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები და რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფებები ისე, რომ მთავრობასთან პრობლემები არ შეექმნათ.
იგივე ნარატივის გაგრძელებად აღვიქვი კაია კალასის დღევანდელი განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ ფინანსები უნდა შეუმცირდეთ. შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რადიკალურმა ჯგუფებმა ერთმანეთშიც კი დაიწყეს დაპირისპირება — როგორც ჩანს, დაფინანსება შეუმცირდათ. მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ თუ ახალ გზებს, ახალ „შავ ხვრელებს“ მოძებნიან, ჩვენ დიდი ალბათობით მათაც გავაშიფრავთ და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებსაც მივიღებთ, რათა ასეთი ფინანსური ხვრელებიც დაიხუროს.
საბოლოო ჯამში, ამ უცხო ძალებს და მათ მიერ დაფინანსებულ რადიკალებს სურთ ისეთი მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს გარკვეული გლობალური ჯგუფების დავალებებს — ეს კი შეიძლება იყოს ომი, რევოლუციური პროცესები ან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული სხვა ნაბიჯები.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან და მათი მხარდამჭერებისგან ხშირად მომისმენია ქილიკი — „აბა ომი გინდა?“ ან „ვინ საუბრობს ომზე?“ და ამით ცდილობენ აჩვენონ საზოგადოებას, თითქოს ეს საფრთხე გამოგონილი იყოს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში მშვიდობაა და მადლობა ქართველ ხალხს, რომ ამ მშვიდობის დაცვა შეძლო.
ჩვენ ვხედავდით, როგორ ითხოვდნენ საქართველოს ჩართვას უკრაინის ომში. დღეს ამას პირდაპირ აღარ ამბობენ, თუმცა ირიბი გზით, სხვადასხვა უცხოელი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების განცხადებებით, კვლავაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან.
აქედან გამომდინარე, თუ გარშემო არსებულ ვითარებას შევხედავთ, ეს საფრთხეები არათუ საფუძველს მოკლებულია, არამედ რეალურ ფაქტებსა და მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. და დამერწმუნეთ, საქმე აღარ იქნება სახუმაროდ, თუ საქართველოში ერთი ბომბიც კი ჩამოვარდება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


