„რაც შეეხება გუშინდელ საუბარს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია, რჩება – არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ა.შ. ჩვენ გუშინ, არსებითად, ვიყავით კონცენტრირებულები მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის, პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები. მე, პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, – მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც იყო დაგროვილი, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის დღეს ომის მდგომარეობაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა.
აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით. პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულნი“, – აღნიშნა პრემიერმა.


