“სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მის თავისუფლებას. ასე რომ, როდესაც ვხედავთ, რომ მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იხილოს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი ანგარიშის პროექტის შესახებ, რომელშიც 3 ქართული ტელეკომპანიის სანქცირების მოთხოვნაა გაწერილი.
„როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ისე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით.
ამ რეზოლუციის ანგარიშის ავტორი გახლავთ ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია – რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალბატონი იუკნევიჩიანე არის ამ რეზოლუციის ავტორი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტსა და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.


