შალვა პაპუაშვილი – იუკნევიჩიენეს ანგარიშის შესახებ: „ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატურას, ცენზურასა და პროპაგანდას“

16

„ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატურას, ცენზურასა და პროპაგანდას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა და სადაც საუბარია სამი ტელევიზიის სანქცირებაზე.

„ყველა მედია, ონლაინგამოცემა, რომელიც ფინანსდება ევროკავშირიდან ან საზღვარგარეთიდან, ყველა კრიტერიუმით არის პროპაგანდის ინსტრუმენტი. შეხედეთ მათ სტატიებს, შეხედეთ მათ ინტერვიუებს. მაგალითად, როდესაც ისინი იღებენ ინტერვიუებს სხვადასხვა ელჩისგან ან უცხოური აქტორისგან, არცერთი კრიტიკული კითხვა არ არის ელჩის მიმართ, ვინაიდან თვითონ აფინანსებენ და, შესაბამისად, კრიტიკულ კითხვებს არ იღებენ. არცერთი კრიტიკული სტატია არ არის ბრიუსელის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ისინი ცდილობდნენ, რომ ეკონომიკურ ომში ჩავეთრიეთ რუსეთთან. ქართველები სხედან რედაქციაში და აკეთებინებენ ანტიქართულ საქმეს. თუმცა, ეს საქმე რომ არ გამოსდით და, საბოლოო ჯამში ამის მხილებაც მოხდა, მათ შორის, „გამჭვირვალობის კანონის“ შედეგიც არის, რომ როგორც ჩანს, შეეშვნენ ამ ფარულ ქმედებებს და ვნახეთ, რომ ახლახან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ, საკუთარი პიარ დეპარტამენტის არხი გაგვიხსნა და პირდაპირ პოლონეთის მთავრობის პროპაგანდის იარაღი დღეს არის ქართულ სივრცეში. ცდილობენ, იგი დაამკვიდრონ, როგორც მედია. ქართველ ხალხს ნაცარს ვერ შეაყრის თვალში პოლონეთის მთავრობა. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდის ინსტრუმენტი. პოლონეთის მთავრობაზე მუშაობს რამდენიმე ქართველი, რომლებმაც, პირველივე, რაც გააკეთეს, თავს დაესხნენ ქართულ ეკლესიას; თავს დაესხნენ ქართულ პოლიტიკურ დისკუსიას სხვადასხვა ფორმით დეზინფორმაციით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტსა და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.